"ორფრონტონიანი სააგარაკო სახლი"
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ციხისძირი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი შენობა ზღვისპირა შემაღლებაზე. ზღვიდან 140 მ-ის მანძილზე. ნაგებობა მართკუთხა გეგმისაა, მცირე მართკუთხა წანაზარდით აღმოსავლეთ ფლანგზე და ჭვირულ სახეებიანი სვეტნარით დასავლეთისაზე. სვეტნარზე მოწყობილია ვიწრო ტერასა. ეს არის მოვაკებაზე აგებული აგარაკის ტიპის შენობა შემოფარგლული ხშირი მცენარეულობით. ეზოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოწყობილი იყო ზღვის ნაპირზე ჩასასვლელი ქვის საფეხურებიანი და მოაჯირებიანი კიბე. რკინაბეტონით აგებული სახლი მოდერნის სტილისაა, კლასიცისტური ჩანართებით. ნალესი ფასადი დასახსრულია მართკუთხა, მოჩარჩოებული სარკმლებით. სართულებს შორის საფეხუროვანი ქამარი შემოუყვება. ცოკოლთან ძირზე კი - ლილვიანი. ნაგებობას გრძივ ღერძზე აქვს ორი ორქანობიანი გადახურვა. ნაგებობის სამი ფასადი აღმოსავლეთის გარდა თანაბარმნიშვნელოვანია.
შესასვლელი და კიბის უჯრედი მოწყობილია ჩრდილოეთ ფასადის აღმოსავლეთ ფლანგზე. მეორე სართულზე ასასვლელი კიბე ხის საფეხურებიანია. შელესილ კედლებიანი ინტერიერი გრძივ ღერძზე გაყოფილია ვიწრო დერეფნით და გარდიგარდმო მართკუთხა ოთახებით. შემორჩენილია ჭერისა და კედლების ნალესი პროფილები. შემორჩენილია კედლის ღუმელები.
შენობა როგორც საფასადო, ასევე ინტერიერის სტრუქტურითა და მხატვრული გაფორმებით თავისი ეპოქისათვის დამახასიათებელი საინტერესო ნაგებობაა.