ქ. ბათუმი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა N5-2
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დგას ქუჩის პერიმეტრზე. მარჯვენა მოკლე ყრუ ფასადით გადის მცირე ჩიხში და უკანა მხრიდან შემოიზღუდავს ნახევრად გახსნილ ეზოს. აქვს კლასიცისტური სიმეტრიული ფასადი, ოდნავი ასიმეტრიით მარჯვენა ფლანგზე, მსგავსად გვერდით, მარჯვნივ მდგომი სახლისა. I სართულზე კომერციული ფართებია, რუსტებიანი პილასტრებით მოცული ფართო ღიობებით. თავდაპირველად მარცხენა ფლანგზე სადარბაზო იყო მოწყობილი, მარჯვენა ფლანგზე კი, ეზოში შესასვლელი ღიობი. ამჟამად აქ კომერციული ფართების ვიტრინებია მოწყობილი. II სართულზე შუაში ორ-ორი შეწყვილებული მართკუთხა სარკმელია ერთმანეთისგან გამოყოფილი კანელურებიანი პილასტრებით და ფლანკირებული ნახევარსვეტებით. თარაზულზედანებიან სარკმლებს წარბისმაგვარი თავსართები აქვთ. ფლანგებზე თაღოვანი სარკმლებია, მარცხენივ ერთი, ხოლო მარჯვენივ ორი, გადანაკეცებიანი თავსართებითა და ნახევარსვეტებით. მოგვიანებით სახურავზე იგივე ქანობში გამართულია მანსარდა.სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია პროფილირებული ლავგარდანით. ზევით რთულპროფილიანი სისტემაა ლავგარდანისა და თარო-პარაპეტის.სახლი მართკუთხა გეგმარებისაა. ნახევრადგახსნილ ეზოს ფასადზე თავდაპირველად შემინული აივნები იქნებოდა მოწყობილი. ამჟამად მთლიანადაა სახეცვლილი რკინაბეტონის მინაშენებითა და ჩაშენებებით.