ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N30 / ზურაბ გორგილაძის ქუჩა N8
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
V-ს ფორმის სამსართულიანი შენობა ორი ქუჩის კვეთაზე დგას. მისი რუხი ფერის ქვით მოპირკეთებული პირველი სართული XX საუკუნის დასწყისშია აგებული და სავარაუდოდ, სავაჭრო ფუნქცია ჰქონდა. 1930-იან წლებში მას ორი, ამჯერად უკვე საცხოვრებელი დანიშნულების, სართული დააშენეს. შეწყვილებული სწორკუთხა ღიობებით დანაწევრებული ფასადები შელესილია და ვარდისფრად არის შეღებილი. ღიობებს მარტივად პროფილირებული საპირეები ამკობს, ხოლო შუაკედლისებს ორი სართულის სიმაღლის მომცველი პილასტრები აუყვება. ქუჩების შესაყარზე გამავალი წაკვეთილი ვიწრო ფასადი რიკულებიანი აივნებით არის ხაზგასმული, ხოლო გვერდით ფასადებზე ქართულ მოტივებზე შექმნილი, მცენარეული ორნამენტით გაფორმებული რკინაბეტონის აივნებია განთავსებული. ასეთივე დეკორით დაფარული დისკოები და რომბები ამკობს კედლის ცარიელ სიბრტყეს მესამე სართულის ფანჯრების ქვეშ.ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან მოწყობილ სადარბაზოში იატაკზე დაგებული მოჭიქული კერამიკული შავ-თეთრი ფილებია დაგებული. სახლის უკანა კედლები გვიანდელი მინაშენების წყალობით სრულიად დეგრადირებულია. შენობა საბჭოთა პერიოდის არქიტექტურაში ეროვნული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. ის ასევე ძველი შენობის რეკონსტრუქციის კორექტულ მაგალითს წარმოადგენს.