ქ. ბათუმი, ნოდარ დიმბაძის ქუჩა N5
ძეგლის მოკლე დახასიათება
ნაგებობა კამერული ტიპის მცირე საინტრესო სტრუქტურაა, რთულპროფილიანი სამანსარდო მოცულობებით, რომელთა თითქმის მართი ქანობები ორსართულიანი სახლის შთაბეჭდილებას ტოვებს. დაბალ ცოკოლზე შემომდგარი შენობა მართკუთხა გეგმარებისაა. ლითონის ცხაურიანი ღობით გვერდებზე შემოიზღუდავს ეზოებს. მცირე ეზო აქვს უკანაც. ცოკოლზე შემომდგარი კლასიცისტური ესტეტიკის მქონე მთავარი ფასადი მკაცრად სიმეტრიულია. ცენტრში შვეული აქცენტია: ქვევით მაღალი სადარბზო შესასვლელი ხის მოხარატებული ორფრთიანი კარით; მის ზემოთ კრონშტეინებზე შესმული აივანი ქვის ბოძკინტებს შორის მოქცეული ჭვირული ცხაურით და კოშკურა მოცულობა დასრულებული ბაროკოული ოვალური ფრონტონით. ფლანგებზე თითო კლასიკური ფრონტონია სტილიზებული დორიული სვეტებით და ფრანგული აივნებით მათ შორის. კომპოზიციას კრავს ფლანგთაშორისი თარაზული სარკმლები და ზემოთ მანსარდის ასევე სიმეტრიული მოცულობები. ღიობთა კარგად გათვლილი ფორმა, ზომა და ურთიერთპროპორციულობა, ქვის მასალა და ნეიტრალური ღია ფერი ამ კომპოზიციას დასრულებულ სახეს სძენს. გვერდითი ფასადები სადაა. ერთი მხრიდან აქვს კოშკურა რიზალიტი. უკანა ფასადი კი თითქმის მთლიანად ყრუა. სადარბაზო ამჟამად შემოსილია ახალი მასალით. თავდაპირველად კი მორთული უნდა ყოფილიყო.