ქ. ბათუმი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა N5
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დგას ქუჩის პერიმეტრზე. მარცხენა მოკლე ყრუ ფასადით გადის მცირე ჩიხში და უკანა მხრიდან შემოიზღუდავს ნახევრად გახსნილ ეზოს. აქვს კლასიცისტური, მარტივ ფორმებიანი სიმეტრიული ფასადი, ოდნავი ასიმეტრიით მარჯვენა ფლანგზე, მსგავსად გვერდით, მარცხნივ მდგომი სახლისა. I სართულზე კომერციული ფართებია, რუსტებიან პილასტრებით მოცული ფართო ღიობებით. ღიობების თავდაპირველი ალათები არ არის შემორჩენილი. ერთ-ერთი მათგანი ამოშენებულია. მარჯვენა შუაფლანგზე სადარბაზო ხის ორფრთიანი მოხარატებული კარია. ბოლოს კი, კანელურებიანი პილასტრებით მოცული მართკუთხა ღიობი. II სართულს დაუყვება თარაზულზედანებიანი სარკმლები მართკუთხა მოჩარჩოებით და საჭექი ქვებით. ბოლო ორი სარკმელი თაღოვანია და მათ შორის უკანასკნელი ფლანკირებულია კანელურებიანი პილასტრებით, იქვე I სართულის ღიობის მსგავსად.სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია პროფილირებული ლავგარდანით. ზევით ფასადი მარტივი თაროთი იკვრება.სახლი L-ის გეგმარებისაა და აქვს შიდა ეზო. ეზოს ფასადზე თავდაპირველად შემინული აივნები იქნებოდა მოწყობილი. ამჟამად მთლიანადაა სახეცვლილი მინაშენებითა და ჩაშენებებით.