ქ. ბათუმი, ახმედ მელაშვილის ქუჩა N31 / კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N16
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი კრავს ორი ქუჩის კუთხეს. გრძივი ფასადი კ. გამსახურდიას ქუჩაზე ვითარდება მართკუთხა ფართო ღიობებიანი I კომერციული და II, თაღოვან სარკმლებიანი საცხოვრებელი სრთულით. II სართულზე შეკიდულია ჭვირულმოაჯირებიანი ორი კიდული აივანი (მარცხენა აივანი მოგვიანებით დაგრძელებულია). ღიობები სიმეტრიულად არის გადანაწილებული. ცენტრში თხელი რიზალიტია სადარბაზო შესასვლელით და ხის მოხარატებული ორფრთიანი კარით. სართულები ერთმანეთისგან გაყოფილია რთულპროფილიანი ლავგარდანით, ზევით კი, სრულდება მართკუთხა გეომეტრიულ სახეებიანი პარაპეტით. ასევეა გაფორმებული მოკლე ფასადიც. მის მარცხენა ფლანგში ეზოში შესასვლელი გვირაბია, ლითონის ჭვირული ჭიშკრით. თაღოვანი სარკმლები მორთულია ნალესი ფორმებით _ გეომეტრიულნახატიანი გვერდებით და საჭექქვიანი თავსართებით. აივნების ღიობების ზემოთ სტილიზებული ფრონტონებია. ფსევდორენესანსულ ელემენტებიანი საფასადო სიბრტყე გალესილია და დაფერილია კონტრასტულად, ღიავარდისფერი და თეთრი ტონებით.სადარბაზო და კიბის უჯრედი მარტივი ფორმებისაა. აქვს სხმულსაფეხურებიანი და ლითონის მოაჯირიანი კიბე.სახლი L-ის გეგმარებისაა და აქვს შიდა ეზო. ეზოს ფასადზე თავდაპირველად ღია აივნები იქნებოდა მოწყობილი. ამჟამად სახეცვლილია მინაშენებითა და ჩაშენებებით. ლითონის მოაჯირიანი ღია აივანი შემორჩენილია მხოლოდ მოკლე მონაკვეთზე.