ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N6
ძეგლის მოკლე დახასიათება
საცხოვრებელი სახლი, სავარაუდოდ, XIX საუკუნის ბოლოში უნდა იყოს აგებული. თავდაპირველად სახლი ორსართულიანი იყო, ხოლო მოგვიანებით მას მხატვრულ სახეს მოკლებული მანსარდა დაადგეს. სახლის ორივე სართულის კედლები რუსტირებულია. პირველი სართულის ფასადის მარცხენა ნაწილი დიდი შემინული ღიობებითაა დანაწევრებული, ხოლო მარჯვენა კიდურა ნაწილში ეზოში შესასვლელი მართკუთხა გვირაბია მოწყობილი. შესასვლელი ღიობის კუთხეებში თითო დეკორატიული ფესტონია. შენობის მარჯვენა ნაწილი, იქ სადაც პირველ სართულზე ეზოში შესასვლელი ღიობია გაჭრილი რიზალიტითაა გამოყოფილი. პირველი სართულის სადა გაფორმებას შეპირისპირებულია მეორე სართულის საფასადო გადაწყვეტა. აქ კარ-სარკმელთა ღიობებს მშვილდთაღოვანი ფორმა აქვთ, რომელთაც შუაში მცენარეულ ორნამენტიანი საჭექი ქვით აქცენტირებული პროფილირებული საპირე შემოუყვებათ. ფასადი ბრტყელი პილასტრებითაა დანაწევრებული, რომელთაც დეკორატიული კორინთული კაპიტელები ამშვენებს. მეორე სართულზე სამი ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანია, რომელთაგან მარჯვენა კიდურა აივანი ლითონის დეკორატიულ კრონშტეინებზე დგას. სახლის ზედა ნაწილს მთელს სიგრძეზე პარაპეტი მიუყვება, რომელიც მარჯვენა ნაწილში აჟურულია (მოგვიანოდ პარაპეტის უკან მანსარდა ამოიყვანეს).ეზოში შესასვლელი გვირაბის კედლები, როგორც ჩანს მოხატული იყო. გაირჩევა მოწითალო მოჩარჩოებისა და მოლურჯო მცენარეული ორნამენტების კვალი. შემდგომ ეს მოხატულობა გადაღებეს და ერთიანად დაიფარა თეთრი ფერის საღებავით. დღეს მხატვრობა ალაგ-ალაგ ჩამოცვენილ-დაზიანებული ამ ზედა ფენის ქვეშ მოჩანს. სახლი მნიშვნელოვანია როგორც XIX საუკუნის ბოლოს აგებული კარგი სამშენებლო ხარისხისა და ფასადების საინტერესო გადაწყვეტით, ასევე მნიშვნელოვანია მისი შესასვლელი-გვირაბის მოხატულობით, რაც იშვიათად თუ შეგვხვდება დღეს უკვე ძლიერ სახეცვლილ ბათუმის სახლებში.