ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოქტომბერი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მდებარეობს აფხაზი მთავრების, შარვაშიძეების ნასახლარი. მიწის ტერიტორია მასზედ არსებული ნასახლარითა და 1977 წელს აგებული ახალი სახლით კვლავ შარვაშიძეებს, ამჯერად, გურამ შარვაშიძეს ეკუთვნის. შარვაშიძეების ნასახლარიდან სიძველის სახით დაცულია მხოლოდ სასახლის დასავლეთი მინაშენის ნაშთები, კარის ამყოლი მოჩუქურთმებული ფილა, ეზოში მდებარე ჭა, ეზოს პირზე მიმობნეული ძველი ქვების, სამშენებლოს კვადრების ფრაგმენტები და გეგმარების კვალი, რომელიც ახალი სახლის მიღმა ეზოს ტერიტორიაზე განირჩევა. დასავლეთისაკენ დაქანებულ რელიეფზე აგებული მინაშენის კედლებზე მცენარეული საფარია მოდებული, იატაკი მიწითაა ამოვსებული; სამხრეთის მთავარი შესასვლელის კარისა და ჩრდილოეთის მხარეს, საიდუმლო გვირაბისაკენ გაჭრილი საიდუმლო კარის წირთხლები მორღვეულია (მინაშენის ჩრდილოეთ კედელში ჩაყოლებული საიდუმლო გვირაბი მდ. მეძებნამდე ჩადიოდა). მინაშენის საკმაოდ მაღალი დასავლეთის კედელი ჯერ კიდევ ინარჩუნებს თლილი კვადრებით მოპირკეთებულ ფასადს. ეზოში დგას მე-17 საუკუნის დროინდელი ფლეთილი ქვით ნაგები მრგვალი ჭა, რომელიც შარვაშიძეების ოჯახის მიერ შეკეთდა.
ნასახლარი შიგ სოფელში, კერძოდ, გურამ შარვაშიძის კარ-მიდამოს ტერიტორიაზე მდებარეობს.