ორსართულიანი ხის ჯამეს პირველი სართული სარდაფია, მეორე სართული ორსინათლიანი სამლოცველო დარბაზი. ზომები: 8,8X9,3 მ. საბურავად გამოყენებულია კრამიტი.
ჯამე აივნიანად გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, სამხრეთით კბილანა თაღიანი მიჰრაბით. მიჰრაბს ორივე მხარეზე დაბალი, ორნამენტირებული ხის მერხები მიუყვება. მისგან აღმოსავლეთით სვეტზე დამაგრებული კათედრაა, ხოლო დასავლეთით მიმბარი. მიჰრაბს თავზე არაბული წარწერაა.
ნაგებობის მოკლე დახასიათება
ცენტრალური სივრცის ჭერი გუმბათიანია, გუმბათი შიგნიდან მოხატულია ზეთის საღებავებით. ქოროს ჭერი ბრტყელია. ქორო შემაგრებულია ოთხ მრგვალ სვეტზე. მასზე ასასვლელი კიბე მოწყობილია ჩრდილო-დასავლეთიდან. ოთხივე მხრიდან აჟურული მოაჯირი აკრავს. აქედან სამხრეთისა დეკორატიულ მორთულობას წარმოადგენს, ჩრდილოეთით კი მცირე ზომის ნახევარწრიული აივანია გამოყოფილი.
ინტერიერში დეკორატიულად აქცენტირებულია კათედრა, მიმბარი და ქოროს მოაჯირი. კათედრის ზედა ნაწილი დანაწევრებულია კვადრატებად, ქვედა ნაწილი კონუსურია, იგი მოხატულია ზეთის საღებავით. მიმბარი ხეზე ნაკვეთი მცენარეებით არის მორთული. ქოროს ფრიზად მიუყვება ტალღისებრი ორნამენტი. ხის ორნამენტები შესრულებულია აპლიკაციის სახით და დაფერილია მწვანე, ყვითელი, წითელი და ლურჯი საღებავებით.
ჯამეს ყველა კედელი დანაწევრებულია სარკმლებით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, ოთხი ნახევარწრიული ქვის საფეხურით. ჩრდილოეთიდან ჯამეს სარკმლებიანი ლოჯია აქვს.
ჯამეს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში შემორჩენილია მინარეთის ქვედა ნაწილი. მისი ქვის წყობა მშრალია, სიმაღლე 2 მეტრს აღწევს. ერთ-ერთ ქვაზე შემორჩენილია არაბული წარწერის ფრაგმენტი.