ქ. ბათუმი, ისრაფილ ჯინჭარაძის ქუჩა N21
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი სახლი მოდერნის სტილისაა. იგი აჭარაში არსებული სამოქალაქო არქიტექტურის ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. შენობის სრულიად სიმეტრიული ფასადი ორიგინალური კომპოზიციით გამოირჩევა. საერთო მოცულობიდან მკვეთრად წინ გამოსულ, ორ ცილინდრულ ფლიგელს შორის მოქცეულია საპარადო ქვის კიბე, რომელსაც ქვისსავე დაბალი მოაჯირი ერთვის, სადღესასწაულო იერს ანიჭებს შენობას. კიბის თავზე, კარია გაჭრილი. ცილინდრები ღიობებით არის დანაწევრებული. აქვეა მოწყობილი დიდი ზომის აივნები. მარჯვენა აივანი ბალუსტრადით არის შემოსაზღვრული, მარჯვენა კი, როგორც ჩანს, გვიანი, რკინის ცხაურით. აივნები დეკორატიულ კონსოლებს ეყრდნობა. ცილინდრის ცენტრში კარია, მის ორსავ მხარეს კი ვიწრო სარკმლები. პირველ სართულზე მცირე ზომის, უბრალო ფანჯრებია გაჭრილი. მეორე სართულის ღიობები მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი რელიეფური გამოსახულებებით არის შემკული, კარებსა და სარკმლებს შორის მოქცეული სიბრტყე კი ჰორიზონტალური ზოლებით არის დანაწევრებული, რომელიც მთლიან ფასადს სარტყელიფით მიუყვება. ცილინდრები გუმბათური გადახურვითა და მასზე მოქცეული მაღალი შპილით გვირგვინდება (მარჯვენა გუმბათი ჩამონგრეულია). შესასვლელი კარის თავზე, ორ ფლიგელს დაყრდნობილი მცირე ზომის ნაგებობაა მოქცეული, რომელიც სამკუთხა ფრონტონით ბილოვდება. ანალოგიურად არის გაფორმებული სახლის გვერდითა ფასადები. ნაგებობას მარცხენა მხრიდან ეზო-ბაღი ესაზღვრება, რომელშიც დამატებითი, თანამედროვე იერის მქონე ნაგებობაა აღმართული და სახლს უშუალოდ ებჯინება. ბაღში შესასვლელი მცირე ზომის კიბე მარცხენა ცილინდრულ ფლიგელს მიუყვება.