ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N24 / ფარნავაზ მეფის ქუჩა N62
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ქუჩების გადაკვეთაზე მდგარი დიდი საცხოვრებელი სახლის მთავარი ფასადი დემეტრე თავდადებულის ქუჩის მხარესაა მიქცეული. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ნატეხი ქვა და აგური. კლასიცისტურ-ბაროკულ სტილში გადაწყვეტილი შენობის ფასადები შელესილია. ხუროთმოძღვრული დეტალები (ღიობების პრფილები, დეკორაციული მოტივები) ნალესობითაა გამოყვანილი.საფასადო სიბრტყის ცოკოლის ნაწილი რუსტიკის იმიტაციაა წარმოდგენილი. ორივე სართულზე კედლის ზედაპირი ჰორიზონტალურადაა დაღარული. ფასადზე რიტმულად ჩარიგებული სწორკუთხა ღიობებს პლასიკური, პროფილირებული მოჩარჩოება აქვს, "საჭექი ქვებით," ჰორიზონტული თავსართებით და სხვა დეტალებით.სადარბაზო დ. თავდადებულის ქუჩის მხარესაა, ფასადის მარჯვენა კუთხეში. ფარნავაზ მეფის ქუჩის მხრიდან ნაებობა დაირთავს ეზოს, რომელიც ნაგები ღობით არის გამოყოფილი ქუჩისგან და გაფორმებულია მოდერნის სტილის დეკორით.საცხოვრებელი სახლი საყურადღებოა როგორც ქალაქგეგმარებითი, ასევე მხატვრული თავლსაზრისით. ნაგებობა თავისი პროპორციით და თავშეკავებული მორთულობით ორგანულადაა ჩაწერილი განაშენიანებაში. იგი XIX – XX სს. მიჯნის ქალაქურ, ე. წ. შემოსავლიან სახლის ტიპს მიეკუთვნება თავისის აკადემიური ფასადითა და მორთულობით.