"პომორსკის აგარაკი" საცხოვრებელი სახლი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ციხისძირი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი შენობა ზღვისპირა შემაღლებაზე. ზღვიდან 190 მ-ის მანძილზე. ნაგებობა მართკუთხა გეგმისაა, რიზალიტული წანაზარდებით. სააგარაკო შენობა მოვაკებაზეა აგებული და შემოფარგლულია ხშირი მცენარეულობით. მას ჰქონდა ფილებით მოკირწყლული და კეთილმოწყობილი ეზო მრგვალი აუზებით და ქვის საფეხურებიანი და მოაჯირებიანი ჩასასვლელით ზღვის სანაპიროსკენ.
ნაგებობა XIXს-ის დასასრულისთვის დამახასიათებელი ეკლექიკური სტილისაა, აგურისფრად დაფერილი რუსტირებული საფასადო სიბრტყეებითა და მდიდრულად მოჩარჩოებული კარ-სარკმლებით. ასევე, კლასიცისტური სვეტნარებით და ქვისა და ლითონის ჭვირული აივნებითა და წინფრებით. სვეტნარის თავზე მეორე სართულის ვერანდა ამოშენებულია. ფასადები მორთულია რთულპროფილიანი ლავგარდანებით და აქცენტირებულია ბაროკოული პარაპეტებით. პარაპეტი კუთხის რიზალიტის თავზე მომტვრეულია.
ნაგებობის ოთხივე ფასადი თანაბარმნიშვნელოვანია. აქვს რამდენიმე პარმაღული ტიპის შესასვლელი ქვის საფეხურებიანი კიბით. ინტერიერში შემორჩენილია ნალესი არქიტექტურული დეტალები.
ნაგებობა ერთ-ერთი საინტერესო სააგარაკო ტიპის შენობაა საფასადო სტრუქტურითა და მხატვრული გაფორმებით.