ქ.ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N15 / თბილისის მოედანი N1
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი სახლი ი. ჭავჭავაძის ქუჩის და თბილისის მოედნის კუთხეშია აგებული. მისი გრძელი ფასადი მოედანზე გადის, ხოლო მოკლე ფასადი _ ჭავჭავაძის ქუჩაზე. სახლი, სავარაუდოდ, XIX საუკუნის ბოლოს უნდა იყოს აგებული. პირველი სართული შემინული დიდი ღიობებითაა დანაწევრებული, ხოლო მათი მომფარგვლელი კედლები პილასტრისებრი რუსტირებული შვერილებითაა შემკული. საინტერესოა, რომ სახლის კუთხე, პირველი სართულის დონეზე მომრგვალებულია. მეორე სართულის კედელი რიტმულად განაწილებული მართკუთხა კარ-სარკმელთა ღიობებითაა დანაწევრებული. ისინი კანელურებიანი პილასტრებითაა ფლანკირებული, რომელთა ზემოთაც დეკორატიულ კრონშტეინებზე დაყრდნობილი სწორკუთხა სანდრიკებია. სანდრიკებისა და ღიობთა შორის მოქცეული არეები ნაძერწობით გამოყვანილი წრეებითაა გამშვენებული. მეორე სართულის ორივე ფასადს ერთიანი ლითონის მოაჯირიანი აივანი მიუყვება. სახლის პროფილირებულ ლავგარდანს კბილანებიანი ფრიზი მიუყვება, ლავგარდნის ზემოთ დაბალი პარაპეტია, რომელიც მოკლე ფასადზე, შუაში სამკუთხისებურ ნაშვერს აკეთებს. სახლი (და ასევე მის გვერდით მდგარი სახლი, თბილისის მოედანი #3) მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოედნისა და ქუჩათა განაშენიანებაში, თუმცა, დღეს ახალი მაღალსართულიანი სახლებით სახეცვლილი ბათუმის ამ ნაწილში მისი ჩაკარგვის საფრთხე არსებობს. შენობა ასევე მნიშვნელოვანია ისტორიული განაშენიანების, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისითაც, აქ ჯერ კიდევ კარგად ჩანს XIX საუკუნის ბოლოს ამ მნიშვნელოვანი უბნის გააზრებული და ჩამოყალიბებული გადაწყვეტა.