ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა N11
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ცემენტის ბლოკებით ნაგები ორსართულიანი შენობა ფლეთილი ქვის ცოკოლზე დგას. ცემენტის ხსნარით შელესილ ფასადს მარტივი და მწირი დეკორი აქვს. ღიობები დაბალი და სწორკუთხაა. შენობის კუთხეებს ვერტიკალურ ზოლად ასდევს ქვის წყობის იმიტაციით დამუშავებული ცრუ პილასტრები, რომლის "კაპიტელები" შენობის დამასრულებელ პროფილირებულ კარნიზში სქემატურად გამოიყოფა. კარნიზს ქვეშ შენობის მთავარ და გვერდით ფასადებს ლილვის ფორმის სარტყელი გასდევს. ფასადი დანაწევრებულია ღიობებით. პირველი სართულის ფანჯრების ძირში ლილვის ფორმის სარტყელია გავლებული, რომლის ქვემოთ კედლის ზედაპირი რუსტირებულია; ღიობების სადა, პროფილირებულ ჩარჩოში მხოლოდ პირველ სართულზეა "საჭექი Qქვის" დეკორატიული მოტივი გამოყენებული. მეორე სართულის კიდურა ნაწილებში კარების წინ დაკიდული აივნებია მოწყობილი; მარჯვენა განსხვავებულია, მას ლითონის აჟურული მოაჯირი და მრუდხაზოვანი გადახურვის მქონე აჟურულთაღოვანი ჩარდახი აქვს. ყურადღებას იქცევს შენობის ცენტრალურ ნაწილში არსებული ერთსართულიანი რიზალიტი-პორტალი, რომელსაც შუა ნაწილში წყვეტილი მრუდხაზოვანი დასრულება აქვს. პორტალი მაღალი, თაღოვანი ღიობით იხსნება; შიგნით, სიღრმეში _ სადარბაზოს კარია. შენობის კარნიზს ქვეშ გატარებული ლილვი ფასადის შუა ნაწილში, რიზალიტის თავზე, თაღოვან მოხაზულობას შემოწერს. ამ ნაწილში კარნიზი წყდება და გადადის ორქანობა დასრულების მქონე ორსაფეხურიან პარაპეტში. კეხთან ღილაკისებრი ვოლუტებია, ცენტრში ბურთულაა დადგმული.მიუხედავად გვიანი პერიოდისა და ცემენტის ხსნარში შესრულებული დეკორისა შენობა საინტერესო ნიმუშია კლასიცისტური, ბაროკული და მოდერნული სტილის ელემენტების მოკრძალებული, ხელოსნური გამეორებისა.