ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ზედა თხილვანა
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხიხანის ციხის ფართობი თითქმის ერთი ჰექტარამდეა. მისი მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული. დანარჩენი დამრეც და ციცაბო ფერდობზეა განლაგებული.ციხეს ჰქონდა გალავანი. მის წყობაში აქა–ია აგურიცაა გამოყენებული. ალაგ–ალაგ გადარჩენილი კედლების სიმაღლე 5–6 მ–ს აღწევს. სისქე 90–95 სმ–ია. გალავნის კედლები კლდის გარე მიუვალ კიდეებზეა მორგებული, ამიტომაც მისი გეგმაც ძირითადად რელიეფს მიუყვება. ამჟამად გალავნის კედლები ბევრგან დაზიანებულ–ჩაქცეულია.ხიხანის ციხის გალავანს ჰქონია ოთხი კოშკი. პირველი კოშკი მათგანი მდებარეობს ციხის სამხრეთ–აღმოსავლეთ კუთხეში, მისასვლელი გზის მარცხენა მხარეს. კოშკი საგრძნობლადაა დაზიანებული. შედარებით უკეთესად გადარჩენილია მისი აღმოსავლეთ კედელი. კოშკი ორსართულიანი მაინც უნდა ყოფილიყო.მეორე კოშკი პირველისაგან 45 მეტრითაა მოშორებული. გადარჩენილია დასავლეთისა და ჩრდილოეთის მაღალი კედლები, დანარჩენი საძირკვლამდეა მორღვეული. კედლებში დატანებულია სათვალთვალო სარკმლები. ხის კოჭებისათვის განკუთვნილი ბუდეების მიხედვით, ეს კოშკი სამსართულიანი ყოფილა .მესამე კოშკი მეორედან 185 მეტრითაა დაშორებული. ესეც ოთკუთხედის შემოწერილობისაა. გადარჩენილია დასავლეთი და სამხრეთი კედლები. კოშკიც რამდენიმე სართულიანი ყოფილა.უკეთესადაა შემონახული მეოთხე კოშკი. იგი სამსართულიანია. ჩრდილო–აღმოსავლეთიდან გაჭრილი შესასვლელი კარი 3 მ–ის სიმაღლეზეა. როგორც ჩანს, აქ იყენებდნენ ასაწევ კიბეს.წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ნაშთები ციხის უკიდურეს სამხრეთ–აღმოსავლეთ მონაკვეთში მდებარეობს. შემორჩენილია საძირკველი. ეკლესია პატარა ზომისაა. იგი წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას. ორსაფეხურიან ცოკოლზე აღუმართავთ საკმაოდ სქელი კედლები. შედარებით უკეთაა შემონახული აღმოსავლეთის და სამხრეთის კედლები. კედლების როგორც გარეთა, ასევე შიდა ზედაპირი მოპირკეთებულია მოსწორებულ ზედაპირიანი ქვებით. მათ შორის მდებარე არე შევსებულია კირხსნარიანი ქვა–ღორღით. სახურავი ჰქონდა ორქანობიანი. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა. ადრე აქ ხის ეკლესია ყოფილა.ციხის ტერიტორიაზე ბევრგან შეინიშნება სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. ციხის შუა მოედანზე არის დიდი ორმოს (ჭა), რომელიც საიდუმლო საწყობს, თოვლის შესანახს მოგვაგონებს. ამჟამად ის ნაწილილობრივ ამოვსებულია. ჭის დიამეტრი 2 მ–ია. ციხის ტერიტორიაზე აგრეთვე აღმოჩენილია თონისა და მარნის ნაშთები. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით „ტკბილს მოიტანდნენ ბარიდან ჩაასხამდნენ აქა და დადგების ღვინო კეთილი და გემოიანი“.