ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა N44 / ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა N28
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ორსართულიანი სახლი ორი ქუჩის კვეთაზე დგას. მისი შელესილი ფასადების ძირითადი სიბრტყე მოყვითალო-მოქვიშისფრო ფერზეა შეღებილი, ხოლო მამკობი არქიტექტურული ელემენტები ვარდისფერია. მოდერნის სტილში გადაწყვეტილი პირველი სართული ფართო მშვილდთაღოვანი ღიობებით არის გახსნილი. შუაკედლისებს რუსტიკის იმიტაციით შედგენილი პილასტრები აუყვება. პილასტრის ზედა ნაწილში მის ორ მხარეს გამოყვანილია ყვავილებით შემკული ლარნაკები. მზესუმზირები ამკობს ღიობების თავსართების შუა ნაწილებს.მეორე სართული სწორკუთხა ღიობებით არის დანაწევრებული. ისინი იონიური კაპიტელებით დასრულებული გულამოჭრილი პილასტრებითაა ფლანკირებული. ორივე ფასადზე ლითონისაჟურულიანი თითო აივანი გამოდის. შენობას კბილანებით გაფორმებული საფეხუროვანი კარნიზით სრულდება. ამავე მისამართზე მდებარეობს 1892 წელს აშენებული ერთსართულიანი სახლი. ის მხოლოდ ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე გადის. მისი არქიტექტურული გაფორმებიდან აღსანიშნავია ღიობების პლასტიკურად ნაძერწი რელიეფები. მაგალითად, ეზოში შესასვლელი ღიობის თავზე სამშენებლო წლის ქვემოთ თასის გარშემო შემოხვეული სამი ცეცხლისმფრქვეველი დრაკონია გამოსახული. ორივე შენობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუჩების ისტორიული განაშენიანებისა და მათი არქიტექტურული სახის შექმნაში.