ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N43
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი აგურის შენობა მაღალი ცოკოლით, რომელშიც სარდაფია მოწყობილი, ქუჩის მჭიდრო განაშენიანებაშია ჩართული. გეგმით, ძირითად კორპუსს, ეზოს მხრიდან პერპენდიკულარულად, მარჯვენა ნაწილში ემატება ფრთა, რაც გეგმის კომპოზიციას შებრუნებული რუსული U- ს სახეს სძენს.ნაგებობის ფასადი კლასიცისტურ სტილშია შესრულებული, ბაროკული ელემენტების გამოყენებით. ფასადი სიმეტრიულია. კიდეებში ოდნავ შვერილი რიზალიტებია გამოყენებული. რიზალიტებში შესასვლელებია მოწყობილი. მარცხნივ, თაღოვანი, ეზოში შესასვლელი - გვირაბია მოწყობილი; მარჯვნივ - სადარბაზო, შესანიშნავი ორფრთიანი ხის კარითა და ლითონის, აჟურულ კრონშტეინებიანი ჩარდახით. სართულები სადა პროფილის მქონე კარნიზით ერთმანეთისგან არის გამიჯნული. სართულების გაფორმება განსხვავებულია. პირველი სართულის ღიობებს რელიეფური მოჩარჩოება მიუყვება. სარკმლის ძირები ხაზგასმულია მართკუთხა, ჩაკვეთილი სიბრტყეებით, ხოლო ზედა ნაწილში საჭექი ქვებია მოცემული. საპირე რელიეფურია, ტეხილი, ქვის წყობის იმიტაციით, განიერი და ვიწრო ქვების მონაცვლეობით. რიზალიტების კუთხეები პილასტრებით არის დამუშავებული. მთლიანად პირველი სართულის ზედაპირი რუსტირებულია.მეორე სართული სადაა, ცენტრში გადმოკიდებული ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივნით. ზედაპირი ჰორიზონტალურ ღარებით არის დამუშავებული. ღიობებს სადა ჩარჩო მიუყვება. შენობა სრულდება პროფილიანი კარნიზით და წყვეტილი პარაპეტით, რომელიც შენობის ცენტრალურ ნაწილსა და რიზალიტების თავზეა მოცემული და შემკულია ლარნაკებით.შენობას პატარა ეზო აქვს შემინული შუშაბანდებითა და ქვის ორმარშიანი კიბით, რომელზეც პატარა ტერასებია მოწყობილი.განხილული საცხოვრებელი სახლი ტიპიური, მცირე ზომის ქალაქური ნაგებობაა. იგი ფრონტალურად იშლება ქუჩის მიმართულებით და თავისი გაბარიტებით შესანიშნავად ჯდება ქუჩის ამ მონაკვეთის მასშტაბსა და ხასიათში. მისი ფასადების კლასიცისტური გადაწყვეტა გაცოცხლებულია ბაროკული ელემენტებით. შენობის მნიშვნელობა იზრდება მის ჭიშკარზე დაცული აღშენების თარიღით.