ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა N39
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი მცირე ზომის შენობა, სავარაუდოდ, XX საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული. შენობა გამოირჩევა თავისის სისადავითა და კარგად გადაწყვეტილი საფასადო გაფორმებით. შენობის პირველი სართულის მარჯვენა კიდეში ეზოში შესასვლელი სწორკუთხა ღიობია გაჭრილი, რომელიც რუსტირებული პილასტრებითაა ფლანკირებული. სადარბაზოში შესასვლელი, რომელიც ასევე რუსტირებული პილასტრებითაა ფლანკირებული შენობის მარცხენა ნაწილშია მოწყობილი. მას ლითონის აჟურული წინფრა აქვს. ამ შესასვლელთა შორის არსებულ კედელში მართკუთხა დიდი, შემინული ღიობებია გაჭრილი. შენობის მეორე სართულიც ასევე კარ-სარკმელთა ღიობებითაა დანაწევრებული, რომელთაც მშვილდთაღოვანი მოხაზულობა აქვთ. ღიობებს მარტივი პროფილის საპირე შემოყვებათ, რომლებსაც ასევე მარტივი პროფილის მქონე საჭექი ქვები უზით. კედელი ამ სართულზე სადა, ბრტყელი პილასტრებითაა დანაწევრებული. სახლის ცენტრში და მარჯვენა ნაწილში (ჭიშკრის ზემოთ) ლითონის აჟურული აივნებია მოწყობილი, რომლებიც აქტიურ როლს თამაშობენ ფასადის მხატვრულ აღქმაში.შენობა გამოირჩევა თავისი კამერულობითა და სისადავით, რომელსაც უპირისპირდება აივნების აჟურულდეკორიანი ლითონის მოაჯირები და წინფრები. ასევე შენობა მნიშვნელოვანია სადარბაზოს ჭერის გაფორმების თვალსაზრისითაც, რომლის ზედაპირიც ნალესობაში გამოყვანილი ორნამენტული დეკორითაა გაფორმებული.