ქ. ბათუმი, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა N58
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ერთსართულიანი სახლი წაგრძელებული მთავარი ფასადით ქუჩის პირზე გამოდის. ის შელესილია და თეთრად არის დაფერილი. ცალკეული ელემენტები მონაცრისფრო ფერზეა შეღებილი. ეკლექტურად გადაწყვეტილ საფასადო სიბრტყეს ანაწევრებს შეწყვილებული სწორკუთხა ღიობები, რომლებიც რუსტიკის იმიტაციით შედგენილი პილატსრებით არის ფლანკირებული. უშუალოდ ღიობებს პროფილირებული საპირეები შემოწერს. ისინი ფოთლებით შემკული საჭექი ქვებითაა აღნიშნული. მათ თავზე სანდრიკებია გამოყვანილი. ფანჯრების რაფები უწყვეტი ჰორიზონტალური სარტყლით არის შექმნილი. სარტყლის ქვემოთ, ღიობების სიმეტრიულად, კონცენტრული წრეებით აღნიშნული მართკუთხედებია განთავსებული. ფასადს მეანდრების რიგით გაფორმებული ფრიზი და საფეხუროვანი კარნიზი ასრულებს. მხატვრული თვალსაზრისით გამოირჩევა სადარბაზების ორფრთიანი (მარჯვნივ) და ოთხფრთიანი (მარცხნივ) კარები. მათ ხის დეკორი და ლითონის აჟური ამკობს. სახლის ეზოს მხარეს გამავალი ფასადი გვიანდელი მინაშენებების შედეგად სრულიად დეგრადირებულია. XIX საუკუნის ბოლოს აგებულ შენობას თავისი წვლილი შეაქვს ქუჩის ისტორიული განაშენიანების შენარჩუნებასა და არქიტექტურული სახის შექმნაში.