ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N41 / სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩა N16
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორი ქუჩის კუთხეში მდგარ ორსართულიან შენობას კუთხე მომრგვალებული აქვს. მისი ფასადები კლასიცისტური სტილის ელემენტებითაა გაფორმებული. საფასადო სიბრტყე დაყოფილია სართულშუა პროფილირებული და კბილანებიანი კარნიზით. ნაგებობას ორივე ფასადის შუა ნაწილებსა და მომრგვალებულ კუთხესთან აჟურულმოაჯირიანი აივანი აქვს, მათგან კუთხისას – ასევე ფიგურული კრონშტეინებიც. სადარბაზოს ორი კარი მათ შორის განთავსებულ ეზოში შესასვლელი ჭიშკრით ზუბალაშვილის ქუჩისკენ განთავსებული მკლავის ბოლოშია. სახლის ორივე სართული დანაწევრებულია თაღოვანი ღიობებით. ღიობთა მორთულობა რენესანსული არქიტექტურის რეპერტუარიდანაა აღებული. შენობა დასრულებულია კბილანების მწკრივის მქონე პროფილირებული კარნიზით, რომელსაც აგვირგვინებს დაბალი პარაპეტი. შენობის კუთხის ნაწილში მანსარდია მოწყობილი, რომლის გლუვი კედელიც თაღოვანი ფანჯრებითაა დანაწევრებული. სახლის ეკლექტური ფასადების მორთულობა მაღალი ოსტატობით გამოირჩევა და ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში აქტიურ როლს თამაშობს.