ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. დიდაჭარა
ძეგლის მოკლე დახასიათება
დიდაჭარის ჯამე სოფლის ცენტრში მდებარეობას. 2000 წლამდე XIX საუკუნის ხის ჯამე იდგა, რომელიც ამჟამად გადატანილია 3 კმ-ში მდებარე სოფ. საციხურში. ახალი ჯამე წარმოადგენს მოზრდილ, მოვქრთისფრო ქვის სწორი რიგებით ნაგებ ორსართულიან ნაგებობას, რომლის ფასადები დაცხრილულია დიდი თაღოვანი ფანჯრებოთ. ჩრდილო დასავლეთ კუთხეში დართავს მაღალ, კონუსით გასრულებულ მინარეთს. შიგნიდან ერთიანი დარბაზი გადახურულია ცრუგუმბათით. სამ მხარეს შემოევლება მეორე სართულის გალერეა. ძველი საციხურში გადატანილი ჯამეს ორსანთლიანი დარბაზი გეგმით სწორკუთხაა (8,8X7,6მ) სამხრეთით შვერილი მიჰრაბით. მიჰრაბის დასავლეთით მიმბარია. შიდა სივრცის ბრტყელი ჭერი მორთულია ხის მოჩუქურთმებული ვარდულებით. ქორო შემაგრებულია რვა მოჩუქურთმებულ სვეტზე. ხეში ნაკვეთი ჩუქურთმა მრავალფეროვანია. ქოროს ოთხივე მხრიდან დაბალი, რიკულებიანი მოაჯირი მიუყვება, აქედან სამხრეთისა დეკორატიულ მორთულობას წარმოადგენს. ჩრდილოეთით მოგრძო აივანია გამოყოფილი. ქოროზე ასასვლელი კიბე მოწყობილია ჩრდილო-დასავლეთიდან. ჯამეს კედლები დანაწევრებულია ცხაურებიანი სარკმლებით. თაღოვანი შესასვლელ ჩრდილოეთიდანაა. შესასვლელის ორივე მხარეს ხის დაბალი აივნებია მლოცველთათვის. ინტერიერში დეკორატიულად აქცენტირებულია მიჰრაბი, მიმბარი და სვეტები. ხეში ნაკვეთ ჩუქურთმებში წარმოდგენილია მცენარეული და გეომეტრიული დეკორი. შესასვლელი კარი მორთულია არაბესკით. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფასადის შუა ნაწილში ჩაყოლებულია მოჩუქურთმებული ხე.