ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N20 / მემედ აბაშიძის ქუჩა N53
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის I ნახევარში აგებული V-ს ფორმის ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი მასშტაბური შენობაა. ის ორი ქუჩის კვეთაზე დგას. მ. აბაშიძის გამზირზე გამავალ მონაკვეთში ოთხი სადარბაზოა განთავსებული, ხოლო ვ. ფშაველას ქუჩისკენ მიმართულ მონაკვეთში ერთი. კიდევ ერთი სადარბაზო უჯრედი ქუჩების კვეთაზეა მოწყობილი. შელესილი, მოყვითალო-მოვარდისფრო ფერზე შეღებილი და რუსტიკის იმიტაციით დაფარული გრძივი ფასადები განიერი და ვიწრო რიზალიტების მონაცვლეობით არის დანაწევრებული. ისინი სახლის ძლიერად პროფილირებულ კარნიზს სცდება, რაც გარკვეულ დინამიკას სძენს სახურავის ხაზს. პროფილირებული სწორკუთხა ღიობების წინ რკინაბეტონის სხმულმოაჯირებიანი აივნებია მოწყობილი. სეგმენტური გეგმის აივნები სამ, ხოლო სწორკუთხა ორ ღიობს მოიცავს. რიზალიტების ცენტრალური არეები აქ განთავსებული სადარბაზო უჯრედების განათების მიზნით შემინულია.საინტერესოდ არის გადაწყვეტილი კუთხის ფასადი. ის დასაფეხურებულია და ქუჩების კვეთაზე წიბოთი გადის. მისი შემინული შუა მონაკვეთი ერთმანეთის თავზე აღმართული რიკულებიანი მოაჯირებით არის ფლანკირებული.სახლის უკანა კედლები მცხოვრებთა სურვილისა და გემოვნების მიხედვით უამრავი აივნისა და ლოჯიის ტიპის მინაშენით ქაოტურად არის დაფარული. შენობა თავისი მასშტაბითა და არქიტეტქურული გადაწყვეტით საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. ის არსებით როლს თამაშობს ორი ქუჩის სივრცითი ორგანიზების საკითხში.