ყოფილი ლაო ჯინ ჯაოს საცხოვრებელი სახლი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩაქვი ე. ნინოშვილის ქ./12
სააგარაკო ტიპის შენობა ზღვისპირა განაშენიანებაში. ზღვიდან 30მ-ის მანძილზე. ნაგებობას დასახსრული ოთხკუთხედის ფორმა აქვს. დასახსრული და ორიგინალურია ნაგებობის სტრუქტურაც. ცალი ფლანგი აქცენტირებულია კოშკურა მეორე სართულით. მოპირდაპირე ფლანგზე სამწახნაგა რიზალიტია ნაშვერი, რომელიც სრულდება პირამიდული გუმბათით. ნაგებობის ოთხივე ფასადი თანაბარმნიშვნელოვანია.
ნაგებობის ცოკოლი ქვით არის ნაშენი. ძირითადი მოცულობა აგურისაა. ფასადები გალესილია. ფასადები დანაწევრებულია კარ-სარკმელთა მართკუთხა ღიობებით. ფასადები ღიობების ზედა მონაკვეთში შეკრულია საფეხუროვანი „ქამრით“. საარქივო ფოტოზე ჩანს სარკმლების ჭვირული ალათები.
ნაგებობის ცალკეული მონაკვეთები გადახურულია სხვადასხვა ქანობებიანი გადახურვებით.
მარტივგეგმარებიანი ინტერიერი შელესილია. შემორჩენილია კედლის ღუმელები. ერთ-ერთ ოთახში შემორჩენილია მოზაიკური იატაკი ჩაის დუყის სამფოთლიანი სტილიზებული გამოსახულებით.
სააგარაკო სახლი საინტერესო სტრუქტურითა და დახვეწილი ფორმებით ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი საუკეთესო შენობაა.