ქ. ბათუმი, ნოე ჟორდანიას ქუჩა N12
ძეგლის მოკლე დახასიათება
სამსართულიანი მასშტაბური ნაგებობა, სავარაუდოდ, XX საუკუნის პირველ მესამედში უნდა იყოს აგებული. ბლოკით ნაგები შენობის ფასადები შელესილი და რუსტირებულია. სახლს ორი რიზალიტი აქვს, რომლებშიც სადარბაზოებში შესასვლელია გაჭრილი, მათ ზემოთ ნაგებობის მთელი სიმაღლის შემინული თაღოვანი ღიობი აუყვება. სახლის მარცხენა კიდეში ეზოში შემავალი სწორკუთხა გვირაბია განთავსებული. შენობის ამ, მარცხენა ნაწილში მოგვიანოდ IV სართულია დამატებული. რიზალიტები და მათ შორის მოქცეული სახლის ცენტრალური ნაწილის მეორე და მესამე სართულები ბრტყელი, ვოლუტებიანი კაპიტელებით დამშვენებული პილასტრებია ამოყვანილი. ცენტრალური ნაწილის აივნები სწორკუთხა, ხოლო გვერდითა ნაწილების აივნები რკალური მოხაზულობისაა. შენობა მკაცრი სიმეტრიულობით, მკაფიო კომპოზიციური აგებითა და ფასადთა თავდაჭერილი გაფორმებით გამოირჩევა. ის ქუჩის განაშენიანებაში დომინანტის როლს ასრულებს.