ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N21 / მერაბ კოსტავას ქუჩა N25
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
სამსართულიანი სახლი ორი ქუჩის კუთხეშია აღმართული. შენობა მისი წაკვეთილი კუთხის ფასადის ზედა ნაწილში რელიეფურად გამოყვანილი თარიღის შესაბამისად 1935 წელსაა აშენებული. სახლის პირველი სართული სახეცვლილია, ის ერთიანად დიდი ვიტრინებითაა დანაწევრებული. თავდაპირველი დეკორატიული შემკულობითა და დანაწევრებით სახლის მეორე და მესამე სართულებია დარჩენილი. შენობის ფასადები ორივე ქუჩაზე სიმეტრიულად ნაწილდება და მათი დეკორატიული შემკულობაც იდენტურია. ფასადი კ. გამსახურდიას ქუჩაზე დანაწევრების მეტი სიმწყობრით გამოირჩევა. აქ კედელი ორივე სართულის დონეზე ერთიანი ბრტყელი პილასტრებითაა დაყოფილი, სადაც ერთმანეთს ენაცვლება გლუვ ზედაპირიანი და დაღარულზედაპირიანი პილასტრები. სარკმელთა ღიობები საპირის გარეშეა მოცემული, სადაც ღიობის ზემოთ კრონშტეინებზე დაყრდნობილი მართკუთხა სანდრიკებია, ხოლო ქვემოთ პროფილირებული თაროები. მეორე სართულის ფანჯრებს ქვემოთ თითო რელიეფური ვარდულია, ხოლო მესამე სართულის სარკმლებს ქვემოთ კი მცენარეულ ორნამენტებიანი პანოებია. ფასადის მარჯვენა კუთხეში ორი შვეული `სვეტია~, რომელიც პარაპეტის ნაწილი იქნებოდა, როგორი სახის პარაპეტებიც დარჩენილია ამავე შენობის კუთხის ფასადსა და კოსტავას ქუჩაზე გამავალ ფასადზე. მათი ზედაპირი მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი დეტალებითაა გაფორმებული. შენობის ქუჩათა კვეთის კუთხე წაკვეთილია და ამ მონაკვეთში ორივე სართულს აივანი შემოუყვება, ისე რომ აივნები ორივე ქუჩაზე გადიან. შენობას შვერილი პროფილირებული ლავგარდანი აქვს.სახლი თავისი პროპორციებითა და მასშტაბით მნიშვნელოვანია ქუჩის განაშენიანებისათვის და ასევე, საინტერესოა თავისი საფასადო დეკორის გადაწყვეტაც.