ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ვერნები
ძეგლის მოკლე დახასიათება
ეკლესია მდებარეობს მდ. სხალთისწყლის მარცხენა სანაპიროზე, სოფლის ცენტრში, შემაღლებულ ბორცვზე, რომელსაც "მადისძირს" უწოდებენ. ტაძარი საგულდაგულოდ ჩანს დანგრეული ოსმალთა ბატონობის ხანაში. გადარჩენილია მხოლოდ საძირკველი, საფეხურებიანი ცოკოლი და კედლის წყობის რამდენიმე რიგი. შედარებით უკეთაა დაცული დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლები. ტაძარი დარბაზული ტიპისაა სამხრეთის მინაშენით, რომელიც საძვალედ იყო გამოყენებული. დარბაზის სივრცე გრძივი კედლების პროფილირებული პილასტრებითა და კამარის საბჯენი თაღებით სამ მონაკვეთად იყო დანაწევრებული. საკურთხევლის თაღიც იმპოსტებით ყოფილა შემკული. ტაძარს ჰქონდა შესასვლელი-სამხრეთიდან და დასავლეთიდან. გარედან ეკლესია სწორკუთხედშია ჩაწერილი. ტაძარს საგანგებოდ გამაგრებული საკმაოდ ფართო საძირკველი აქვს. ორსაფეხურიანი ცოკოლი შესანიშნავად დამუშავებული ქვებითაა ნაგები. კედლები რუხი ფერის მოზრდილი ქვებითაა მოპირკეთებული. პერანგის წყობა თარაზულია. დარბაზის შუა ადგილას იატაკის დონეზე ჩაკირული იყო საკმაოდ მოზრდილი ქვევრი. ეკლესიის აღმოსავლეთითა და სამხრეთით გაითხარა 23 სამარხი, რომელთა 13 კოლექტიურია. 1898 წელს სოფ. ვერნებში აღმოჩნდა ქვა, რომლის სწორკუთხა სიბრტყე რვიანების, წრე-რომბებისა და წრეში ჩაწერილი ჯვრების გამომსახველი ორნამენტული მოჩარჩოებითაა შემკული. შიდა გლუვი მხარე არე შეწყვილებული გრეხილი ლილვებით შედგენილი ორი თაღით არის დეკორირებული. თაღებსა და ორნამენტულ სარტყელს შორის სიბრტყეები ვარდულისა და ლენტოვანი წნულის მოტივებითაა შევსებული. მარცხენა თაღის არეში ამოკვეთილია ოთხსტრიქონიანი წარწერა.