სააგარაკო საცხოვრებელი სახლი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩაქვი ე. ნინოშვილის ქ./24
ძეგლის მოკლე დახასიათება
ზღვის ნაპირზე მდგარი, მსხვილმასშტაბიანი ორსართულიანი სახლი შთამბეჭდავად გამოიყურება და მაშინვე იქცევს გამვლელის ყურადღებას. ნაგებობა მხატვრულ-სტილისტური თვალსაზრისით მოდერნის სტილის ნიშნებს ატარებს, თუმც კი ეკლექტურობით გამოირჩევა. შენობა აგურისა და ქვის თანმიმდვრული მონაცვლეობით არის აგებული, რაც ფასადზე ჰორიზონტალური ზოლების მონაცვლეობას წარმოქმნის და კომპოზიციას რიტმულსა და გაწონასწორებულს ხდის. ზღვისკენ მიმართული ფასადი ასიმეტრიულია. მარცხენა კიდეში ევროპული ციხეებისათვის დამახასიათებელი კოშკისებური ფლიგელია, რომელსაც კუთხეები მოკვეთილი აქვს. ისინი ქვით არის ნაშენი. პირველ სართულზე თაღში მოქცეული მართკუთხა სარკმელია, მის ორსავ მხარეს - თითო ვიწრო ფანჯარა. ისინი ერთმანეთს ქვის სადა ჩარჩოთ ებჯინებიან. შუა ფანჯრის კუთხეები რუსტებით არის გამოყოფილი, თაღის ცენტრში კი საჭექი ქვაა მოთავსებული. მეოორე სართულზე ერთი მართკუთხა სარკმელია გაჭრილი, რომელიც საჭექი ქვითა და სადა ჩარჩოთია გაფორმებული. ,,კოშკის" მესამე სართულზე ორი, ერთმანეთს მიბჯენილი თაღოვანი ფანჯარაა დატანილი. კოშკს მცირე ზომის რუსტებითა და მათ შორის მოქცეული ვერტიკალური დეტალით გაფორმებული ფრიზი ასრულებს, რომელიც მეტოპებითა და ტრიგლიფებით დანაწევრებულ ფრიზს მოგვაგონებს. ფასადზე, კოშკის საპირისპიროდ, შეჭრილ კუთხეში მოქცეულია სადარბაზოს სამწახნაგოვანი ფლიგელი. ცენტრალურ წახნაგზე შენობაში შესასვლელი კარია გაჭრილი, რომელსაც წახნაგოვანი რუსტები საზღვრავს. მის თავზე სარკმელია მოთავსებული. კარი, ეზოს, რკინის მასიური, ორნამენტირებული კიბით უკავშირდება. შესასვლელს სადარბაზოს ფლიგელის წახნაგებს მიმყოლი ერთგვარი წინფრა ერთვის. აღწერილ ორ ფლიგელს შორის მოქცეული ფასადის ნაწილი, ორივე სართულზე წყვილი სარკმლით არის დანაწევრებული, რომელთა შორისაც აგურის პილასტრია ამოყვანილი. გვერდითა ფასადები ერთმანეთისაგან განსხვავდება. ერთი მათგანი ღია სივრცისაკენ ორივე სართულზე მოწყობილი აივნებით იშლება. კომპოზიცია თითქმის სიმეტრიულია. პირველი სართულის აივანს ბალუსტრადიანი მოაჯირი ერთვის, ცენტრში კი კიბე იყო გამართული, რომელიც აღარ არსებობს. მეორე სართულის აივანს რკინის აჟურული, მსუბუქი მოაჯირი საზღვრავს. ორივე აივანზე სამ-სამი ღიობი გამოდის. თუ მეორე სართულის აივნის კარი ცენტრშია მოთავსებული, პირველ სართულზე ის შუა ღერძიდან მარცხნივ არის გაჭრილი. აივნებს, ორივე მხრიდან, დიდი სარკმლებით დანაწევრებული ფლიგელები კეტავს. პირველ სართულზე მოთავსებული ფანჯრები მხოლოდ საჭექი ქვითა და სადა ჩარჩოთია გაფორმებული. მეორე სართულზე დატანილი სარკმლები კი კოშკის ფასადზე მოთავსებული ფანჯრის კომპოზიციას იმეორებს. პირველი სართულის ქვეშ, თანაბარი დაშორებით, სარდაფის თაღოვანი ღიობებია გაჭრილი. ფასადს, აღწერილ მხარეს, კბილანისებური ფრიზი მიუყვება. შენობის მეორე მხარეს არსებული ფასადიც თითქმის სიმეტრიულია, თუ არ ჩავთვლით, მარცხენა მხრიდან მომიჯნავე ,,კოშკს". ცენტრში, სავარაუდოდ გადაკეთებული, დახურული შუშაბანდ-აივნებია. მათ ორსავ მხარეს კი სარკმლებით დანაწევრებული ფლიგელები. მთავარი ფასადი სიმეტრიულია. ცენტრში მოთავსებულია მკვეთრად შვერილი, რუსტებით ხაზგასმული რიზალიტი, რომელიც მაღალი სამკუთხა ფრონტონით ბოლოვდება. რიზალიტის ორსავ მხარეს დაუნაწევრებელი კედლებია წარმოდგენილი. კომპოზიციის შუა ღერძზე, კიდევ ერთი, ვიწრო რიზალიტია, რომელშიც შენობაში შესასვლელი კიდევ ერთი კარია გაჭრილი. კარის ორსავ მხარეს თითო-თითო სარკმელია დატანილი, მის თავზე კი დიდი ზომის მართკუთხა სიბრტყეა მოთავსებული. მეორე სართულზე, ცენტრში, დიდი თაღოვანი სარკმელია მოქცეული, მის მარჯვნივ და მარცხნივ ასევე თაღოვანი, თუმცა შედარებით მცირე ზომის ფანჯრებია გაჭრილი.