ქ. ბათუმი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N35
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ნინოშვილის ქ. 33ბათუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსიშენობა აგებულია XX საუკუნის დასაწყისში. 2000-იან წლებამდე მასში განთავსებული იყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და არქივი. დიდი ორსართულიანი შენობა გარედან მთლიანად შელესილია, გარდა ცოკოლისა, რომელიც 1980-იან წლებში ბაზალტის რუხი ფილებით მოაპირკეთეს. მას მამკობი დეკორატიული ელემენტები თითქმის არა აქვს, არქიტექტურა სადაა და მონუმენტური. მთავარი ფასადი ნინოშვილის ქუჩაზე გამოდის. მასზე შუიდან მარცხნივ გამოყოფილია რიზალიტი, რომელიც ორსავე სართულზე ღრმა ლოჯიებით არის გახსნილი. პირველი სართულის ლოჯიას შესასვლელი პორტიკის სახე აქვს. მისკენ ადის ქვის შვიდსაფეხურიანი კიბე. ლოჯიებს წინა ხაზზე შუაში ორი სვეტი დგას, კიდეებში კი პილასტრებია ამოყვანილი. ისინი ორი სართულის სიმაღლისაა და იონიური კაპიტელებით ბოლოვდება. რიზალიტს ფრონტონი აგვირგვინებს. მთავარი ფასადი მკვეთრად ასიმეტრიულია _ რიზალიტის მარჯვნივ ის დაახლოებით ორჯერ უფრო გრძელია, ვიდრე მარცხნივ. ამ გვერდითა ნაწილებზე (რიზალიტის აქეთ-იქით) შელესილობაზე რუსტიკის იმიტაციაა დატანილი. მეორე სართულის ფანჯრები ნახევარწრიულთაღოვანია, პირველი სართულისა _ მართკუთხა. მათ სადა საპირეები შემოწერს. შენობას ადგას პროფილირებული კარნიზით დაბოლოებული პარაპეტი. გვერდითა და უკანა ფასადებზე გამეორებულია ფანჯრების იგივე ფორმა _ თაღოვანი მეორე სართულზე და მართკუთხა პირველზე. მეორე სართულზე ეზოს მხარეს აივნებია მოწყობილი.ნაგებობა ნეოკლასიცისტური არქიტექტურის იშვიათი და გამორჩეულად კარგი ნიმუშია ბათუმში.