ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა N30 / კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N33
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორი ქუჩის გადაკვეთაზე მდგარი კონსტრუქტივისტული სტილის ორსართულიანი სახლი XX საუკუნის 20-იან წლებში უნდა იყოს აგებული. სამშენებლო მასალად რკინა-ბეტონის კონსტრუქცია და ბლოკია გამოყენებული. იგი ერთი ფასადით კ. გამსახურდიას, მეორეთი კი ვ. გორგასლის ქუჩებზე გადის. ქუჩათა შეერთების ადგილას შენობის კუთხის ნაწი ოდნავ შეწეულია და მეორე სართულის დონეზე ლითონის მოაჯირიანი, ცალქანობა გადახურვის მქონე აივნით სრულდება. ფასადები შელესილია და შეღებილი. სახლის პირველი სართული სწორკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული და კომერციულადაა ათვისებული. მეორე სართულის ღიობები ასევე სწორკუთხაა და ორივე ფასადზე სამ-სამი ლითონის შეკიდული, პატარა აივანი აქვს მიდგმული. ფასადები მოურთავია და ყვითლად შეღებილი კედლები გლუვადაა დატოვებული. შენობაში სამი სადარბაზოა. გორგასლის ქუჩის მხარეს, მარჯვენა ნაწილში ეზოში შესასვლელი გვირაბია გაჭრილი. შიდა ეზოს საკუთრივ შენობა ორი მხრიდან ფარგლავს. ეზოს მხარეს, გადაკეთებების მიუხედავად შენობა კარგადაა შემონახული და მისი თავდაპირველი სახის წარმოდგენა პრობლემას არ წარმოადგენს. შენობა მნიშვნელოვან და აქტიურ როლს თამაშოს აღნიშნული მონაკვეთის განაშენიანებაში. საბჭოთა არქიტექტურის პირველი პერიოდის, კერძოდ კონსტრუქტივისტული სტილის ძეგლები ბოლო ხანებში გამალებით ნადგურდება ან იცვლის სახეს. ამიტომაც ჯერ კიდევ, მეტნაკლებად კარგად შემორჩენილი ნიმუშები შესანარჩუნებელია და დაცვას საჭიროებს.