ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი 1894 წელს არის აშენებული. ქუჩის პირზე განთავსებული მთავარი ფასადი შელესილია და თეთრ ფერზეა შეღებილი. მარცხენა კიდურა ნაწილი სადრბაზო უჯრედს უკავია. მას ხის დეკორატიულად გაფორმებული კარი და ლითონის აჟურული წინფრა აქვს. ფასადის კლასიცისტურ სტილში გადაწყვეტილი ფასადი გარკვეული ინდივიდუალურობით ხასიათდება. სწორკუთხა ღიობებს შემოწერს პროფილირებული საპირეები, რომელთა ზედა ნაწილები არშიისებური ორნამენტით გაფორმებული საჭექი ქვებით არის აღნიშნული. ამ უკანასკნელთა თავზე დამატებით მამაკაცების პლასტიკურად ნაძერწი თავებია გამოყვანილი. საპირეების ძირები ეყრდნობა ფანჯრების გამაერთიანებელ შვერილ სარტყელს. სარტყლის ქვემოთ განთავსებული მართკუთხედების გულები მცენარეული ორნამენტით არის შევსებული. ფანჯრებს ხის ძველი ალათები და მარკიზები აქვს შერჩენილი. ფასადს ასრულებს არქიტექტურული ელემენტებით დატვირთული პარაპეტი, რომელზეც სახლის აშენების თარიღია გამოყვანილი.ფასადის ინდივიდუალური გადაწყვეტით გამორჩეული კამერული საცხოვრებელი სახლი XIX საუკუნის ბათუმის განაშენიანების საინტერესო ნიმუშია.