ძეგლის მოკლე დახასიათება
ციხისყელის ციხე არქიტექტურული მონაცემების მიხედვით, მე-11-13 საუკუნეებით თარიღდება. ციხისყელის საფორტიფიკაციო ნაგებობათა კომპლექსი ფუნქციონირებდა საკმაოდ დიდხანს, მათი დანგრევა უშუალოდ ოსმალო დამპყრობელთა შემოსევასთანაა დაკავშირებული. ციხეს უძველესი დროიდან ქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა, რადგან ციხიდან კარგად მოჩანს სხალთისწყლის ხეობა, არსიანისა და შავშეთის მთები თავისი კალთებითა და მასზედ შეფენილი სოფლებით. ციხე პირდაპირ გასცქერის აბუსერიძეთა ციხე-ქალაქ ხიხანს და, მეორე მხვრივ, სხვა ციხე-კოშკებს, რომლითაც ერთვებიან აჭარისწყლის აუზის ერთიანი თავდაცვითი სისტემის რგოლში. ციხისყელი მდებარეობს სოფ. ხიხაძირის დასავლეთით 1 კმ-ზე, მდ. კალოთისა და ხიხანის-წყლის ხერთვისთან მდებარე მაღლივ კლდეზე. `ციხისყელის~ ნაგებობათა ანსამბლის არქიტექტურული მთლიანობა მის რთულ რელიეფთან მჭიდრო კავშირშია და წარმოადგენს საფორტიფიკაციო არქიტექტურის გარემოსთან შერწყმის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს. ყურადღებას იქცევს მისი გეგმის მოხაზულობა, რომელსაც წაგრძელებული ფორმა აქვს და შესანიშნავადაა მორგებული გორაკის თხემზე. ნაგებობა ბორცვის დამხრობის შესაბამისად სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენაა გაწოლილი. `ციხისყელის~ გეგმის კომპოზიციას ფაქტიურად გალავნის მოხაზულობა განსაზღვრავს. გალავნის კედლები და კოშკებიც შუა საუკუნეთა ხანის დამახასიათებელი წყობით, ნამტვრევი ქანებისაგან თუ რიყის ქვებისაგანაა აგებული მტკიცე დუღაბზე. გალავნის კედლის სისქე სხვადასხვა ზომისაა და მერყეობს 0,8-1,25 მ-ს შორის. I სათავსო საკმაოდ დიდი ზომისაა და კლდის თხემზეა დაშენებული. ციხის მთლიან კომპლექსში იგი ყველაზე კარგადაა დაცული და ამავე დროს მიუვალიცაა. სათავსოს სამხრეთ-აღმოსავლეთი კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი საძირკვლითურთ ჩამონგრეულია, მიუხედავად ამისა ფრიალო კლდეების გამო ერთგვარად მაინც შეუღწეველი რჩება. ნაგებობის სამხრეთი ნაწილი კლდის თხემის შესაბამისად ნახევარწრისებური ფორმისაა. აქედან ჩრდილოეთისაკენ ვერტიკალურად ეშვება ოდნავ გარეთ გაწეული 11 მეტრის სიგრძის კედლები, რომლებიც 5 მ სიგრძის განივი კედლით იკვრება. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 1,9 მ აღწევს, სისქე კი 0,8-1 მ-ს შორის მერყეობს. ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში აღმოჩნდა პატარა ზომის (3,5X3 მ) ეკლესიის ნაშთები. აღმოჩენილი მასალების მიხედვით ჩანს, რომ იგი შიგნიდან მოხატული ყოფილა. მოხატულობის ზოგიერთ ფრაგმენტზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერის ნაშთები. II სათავსო წაგრძელებული სწორკუთხედის მოყვანილობისაა (4X6 მ) და მდებარეობს პირველისაგან ჩრდილოეთით. სათავსო ორსართულიანი მაინც უნდა ყოფილიყო. ქვედა სართული ჩვეულებრივ გამოყენებული იყო მარანისათვის, ზედა კი-თავდაცვისათვის ან საცხოვრებლად. კედლების სიგანე სხვადასხვაა. პირველი სართულის დონეზე აღმოჩნდა მარანი, სადაც აღირიცხა 8 ქვევრი. ციხის კომპლექსში მესამე ნაგებობაა კოშკი. იგი შიდა ციხის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს. სწორედ ამ მონაკვეთიდან ციხე რელიეფის შესაბამისად მკვეთრად ეშვება ქვემოთ 4,5-5 მ-ით. კოშკი დაფუძნებულია მკვეთრად დახრილ კლდეზე, იატაკი მოსწორებულია ქვიშაქვის ნატეხების ყრილით. იგი ნახევარწრისებური ფორმისაა. დასავლეთი მხრიდან შიდა ციხის II და III სათავსოებს გასწვრივ ეკვრის საკმაოდ მოზრდილი (7X3,5 მ) ნაგებობა. ქვედა ციხის ტერიტორიაზე განლაგებულია ორი სათავსო. მათგან მეექვსე სათავსო (8,6X6,5 მ) სწორკუთხა მოყვანილობისაა. მისი იატაკი მეშვიდე სათავსოს იატაკის დონეზე 2,5-3 მ-ით მაღლა მდებარეობს. მეექვსე და მეშვიდე სათავსოების სამხრეთ კედლებს დატანებული აქვთ სამი ნიში. დერეფნიდან VII სათავსოში შეღწევა შეიძლებოდა VI სათავსოს გავლით. VII სათავსოში (12X5,5 მ) გამოვლინდა ერთი თონე და ერთი კერა (კერა ცეცხლაპირით). VI და VII სათავსოები იყო ურთიერთთან დაკავშირებული 0,8 მ სიგანის კარით. VI სათავსოში აღმოჩნდა ორი მარანი. I-ში დადასტურდა 8 ქვევრი, ხოლო მეორეში 9. ასევე გათხრების შედეგად აღმოჩნდა მდიდარი და საკმაოდ საინტერესო კერამიკული თუ სხვა ხასიათის მასალაც.