ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N11 / ქუთაისის ქუჩა N18
ძეგლის მოკლე დახასიათება
შენობა ორი ქუჩის კუთხეში დგას და მისი ფასადები სიმეტრიულად ნაწილდება ქუჩათა სიგრძეზე. სახლი, სავარაუდოდ, XX საუკუნის შუა წლებში უნდა იყოს აგებული.წაკვეთილ კუთხიანი სახლის პირველი სართული მართკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული, რომელთა ნაწილიც მოგვიანო გადაკეთების შედეგი უნდა იყოს. ფართო ღიობებს შორის არსებული კედლები რუსტირებულია. სართულები ერთმანეთისგან პირამიდისებრი კვადრების ელემენტებით შევსებული ფრიზით იმიჯნება. მეორე სართულის ღიობები თაღოვანია. ღიობებს შორის მცენარეულორნამენტიანი კაპიტელებით შემკული პილასტრებია. პილასტრებს შორის რიგ მონაკვეთში ერთი, ხოლო ზოგან ორი სარკმლის ღიობია, რომელთაც მარტივი პროფილის საპირეები შემოუყვებათ. სახლს შვერილი პროფილირებული კარნიზი აქვს. შენობა თავისი მდებარეობით, კარგად გადაწყვეტილი კუთხის წაკვეთილი ფასადით, პროპორციებითა და დეკორატიული გაფორმებით საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს, რომელსაც უბნის განაშენიანებაში საკვანძო ადგილი უჭირავს.