ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. კვატია
ძეგლის მოკლე დახასიათება
ძეგლი მდებარეობს მდინარე სხალთისწყლის მარცხენა სანაპიროზე, სოფ. კვატიის ცენტრიდან 200 მეტრის დაცილებით. ამ ადგილს ადგილობრივი მოსახლეობა `საყდარს~ უწოდებს. ნასაყდრალისათვის განკუთვნილი ტერიტორია შემაღლებული ბორცვია, საიდანაც შესანიშნავად ჩანს მთელი სოფელი. ბორცვზე შემორჩენილია ეკლესიის ნაშთები. დაცულია სხვადასხვა ზომის დამუშავებული თუ სწორზედაპირიანი ქვებით ამოყვანილი სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლების წყობის 3, ზოგან 4 რიგი. დაცული კედლების მაქსიმალური სიმაღლე 1,5-2 მ-ია. სისქე-70-80 სმ. ეკლესიის დანარჩენი მასა ნაგებობის შიგა თუ გარე ტერიტორიაზე ჩამოწოლილ-მიმოფანტულია. ამიტომაც ჭირს ნაგებობის გეგმაზე სრულ-ყოფილი წარმოდგენის შექმნა. არაა გამორიცხული ესეც მოზრდილი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილიყო. ტერიტორია, სადაც ნანგრევებია მოფანტული, საკმაოდ დიდია (18X16 მ).