ქ. ბათუმი, ზვიად გამსახურდიას ქუჩა N40 / სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩა N2
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი, გეგმაში ლათინური L –ის მოხაზულობის სახლი გრძივი ფასადით ზ. გამსახურდიას ქუჩაზე გადის, განივი ფასადებით კი ზუბალაშვილისა და ხულოს ქუჩებზე. პირველი სართული კომერციულადაა ათვისებული და მისი კედლები დიდი ზომის სწორკუთხა ვიტრინებითაა დანაწევრებული. შუაკედლისები რუსტებისაგან შედგენილი პილასტრებიტაა შევსებული. ვიტრინათა თავზე, მათივე სიგანის ჰორიზონტალური ნაშვერებია. სართულებსშორის გამყოფი სარტყელის ქვეშ პირამიდების მწკრივია გავლებული (მისი მხოლოდ ნახევარია შემორჩენილი). მეორე სართულის კედლები გლუვადაა დატოვებული. მისი დამანაწევრებელი სწორკუთხა ღიობები პროფილირებული არშიითაა მოჩარჩოებული. მთლიანად შენობა შვერილი კარნიზით არის დასრულებული. მეორე სართულის დონეზე განივ ფასადებს ლითონის შეკიდული, აჟურულმოაჯირიანი აივნები აქვთ მიდგმული. ფასადთა გადაწყვეტაში შეინიშნება კლასიციზმისა და რენესანსის ნიშნები. შენობა საყურადღებო როლს თამაშობს უბნისა და ქუჩის განაშენიანებაში.