ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა N32 / კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N36 / ფარნავაზ მეფის ქუჩა N45
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მოიცავს სამ ქუჩას და შემოიზღუდავს ვრცელ ეზოს. ფასადები აგურის შეულესავი წყობისაა. I სართულის ზოგი მონაკვეთი მოგვიანებით გალესილია და დაფერილი სხვადსხვა ტონით. I სართული კ. გამსახურდია ქუჩისკენ თავიდანვე კომერციული იყო და დასახსრული ფართო მართკუთხა ღიობებით, ფლანგები კი, გვერდით ქუჩებზე და II სართული _ საცხოვრებელი. საფასადო გაფორმებაში გამოყენებულია ელემენტები თანადროული არქიტექტურული თმატიკიდან და სამივე ქუჩაზე კლასიცისტური სტილისაა. II სართულზე მართკუთხა სარკმლების რიგებია, ზოგან თარაზული სანდრიკებით, ზოგან კი, მცირე ფრონტონებით გამართული. II სართულზე შეკიდულია სხვადასხვა ზომის ლითონის ჭვირული აივნები. სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია პროფილირებული ქამრებით. ფასადების ზედა ნაწილი დასრულებულია საფეხუროვანი ლავგარდანებით. აქვს სამი სადარბაზო ხის მოხარატებული ორფრთიანი კარით და რამდენიმე მცირე შესავლელი კარი. სადარბაზოებში ჭერი მორთულია კონცენტრული ნალესი წრეებით. შემორჩენილია ლითონის საფეხურებიანი და მოაჯირებიანი კიბეები. ფარნავაზ მეფის ქუჩიდან ლითონის ჭვირული ჭიშკარია შებმული ეზოს გვირაბის შესასვლელში. გვირაბის ჭერი მორთული იყო დეკორაციული ნალესობით.ეზოში თავდაპირველად ხის ღია გალერეა-აივნები გამოდიოდა. ამჟამად დიდი ნაწილი ამოშენებულია ან შემინულია სხვადასხვა ფორმისა და მასალის ალათებით. რამდენიმე ადგილას მოწყობილია მანსარდა.