ქ. ბათუმი, ახმედ მელაშვილის ქუჩა N5 / ქუთაისის ქუჩა N2
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი შენობა, სავარაუდოდ, XX საუკუნის პირველ ნახევარში უნდა იყოს აგებული. მისი მფლობელი იყო პირველი გილდიის კომერსანტი პ. შპოლიანსკი. ის ორი ქუჩის შესაყარზე დგას, მისი მთავარი ფასადი ქუთაისის ქუჩაზე გამოდის, ხოლო სადარბაზო _ მელაშვილის ქუჩაზე. შენობის კუთხეებში ოდნავ შვერილი რიზალიტებია. პირველი სართული ფართო ღიობებითაა დანაწევრებული და დარჩენილი არე რუსტირებულია. მეორე სართულიც ასევე უხვადაა დანაწევრებული კარ-სარკმელთა მარტივპროფილიანი მოჩარჩოების მქონე ღიობებით და ლითონის აჟურული, გადმოკიდული აივნებით. ღიობების ზემოთ სიბრტყე ნაძერწი მცენარეული მოტივებითაა შემკული. მეორე სართულის ბრტყელი პილასტრების კაპიტელებში ვოლუტებს შორის გვირგვინოსანი ქალის რელიეფური თავებია ჩასმული. პროფილირებული კარნიზის ბურთულების რიგითაა გაფორმებული. შენობას კუთხეებსა და ფასადის შუაში მართკუთხა პარაპეტები აგვირგვინებს; აქედან ცენტრალურ პარაპეტს ტეხილხაზოვანი ფორმა აქვს, რომლის ფრონტონშიც ლომის თავის გამოსახულებაა. შენობა მაღალი სამშენებლო ტექნიკით გამოირჩევა, რასაც ემატება მისი საფასადო გადაწვეტაც. კუთხის სახლი დიდწილად განსაზღვრავს ქუჩის ამ მონაკვეთის მასშტაბსა და მხატვრულ სახეს. მის ღირებულებას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელოვანებას სძენს სადარბაზოს საინტერესო და საყურადღებო დეკორატიული, ნაძერწი მცენარეული ორნამენტების მქონე შემკულობა და ასევე მარმარილოს იატაკი. სადარბაზოს ძველი კარი მოხსნილია და სადარბაზოშივე დევს.