ნაგებობა წარმოადგენს მცირე მასშტაბის, გეგმაზე მართკუთხა ფორმის, ერთსართულიან ნაგებობას, მაღალი ცოკოლის მონაკვეთით, რომელშიც სარდაფის ფანჯრები გამოდის. მთავარი სართულის ფასადი ორ მონაკვეთად არის გაყოფილი. მარჯვენა მხარე, მცირედ გამოწეული რიზალიტით გამოდის, რომლის ფარგლებში სადარბაზოს კარი და ეზოში შესასვლელი ტალანია განთავსებული. ტალანის სწორკუთხა ღიობის თავზე ლესვაში გამოყვანილი დაბრტყელებული თაღი გადადის, რომლის შიგნით, ღიობის ზემოთ აგების თარიღი _ 1902 წელია გამოსახული. მის ზემოთ ორი პატარა, სრულიად მოურთავი ფანჯარა გამოდის. ფასადს მარცხენა მონაკვეთში მხოლოდ სამი ფანჯარაა, რომლებსაც განიერი მოჩარჩოება შომოუყვება და ძირში, ფასადის მთელს სიგრძეზე პროფილირებული სარტყელი გასდევს. ფანჯრების თავზე მოთავსებულია ქალის თავის გამოსახულებიანი მასკარონები, რომლებიც პატარა თაღოვან არეში არის მოთავსებული. ფანჯრების ქვემოთ მართკუთხა არეა მოთავსებული, რომლებიც დამატების კიბისებურად განვითარებულ არეშია მოქცეული. ფასადის ზედაპირი დეკორატიული ლესვით დანაწევრებულია ღარებით, კვადრების მოტივით. ფასადს ასრულებს პროფილირებული კარნიზი.