საცხოვრებელი სახლი
ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N16
ნაგებობის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი შენობის ფასადი უხვადაა მორთული კლასიცისტურ-ბაროკული ელემენტებით. ნაგებობის განაპირა მხარეები რიზალიტების სახითაა გამოყოფილი, სადაც განთავსებულია სადარბაზო და ეზოში შესასვლელი გვირაბი (ამჟამად აქ მაღაზიაა განთავსებული). რიზალიტების თავზე თევზის ქერცლისებური სახურავით დაბურული ერკერებია გადმოკიდებული, ხოლო თავად რიზალიტები სრულდება შენობის პარაპეტიდან ამოზიდული, ბაროკული ორნამენტაციით შემკული მრუდხაზოვანი არქიტექტურული ფორმებით.
პირველ სართულის ღიობებია სადადაა გადაწყვეტილი. მეორე სართულის თაღოვანი ღიობები მოდერნის სტილის ელემენტებით გაფორმებული პლსტიკური თავსართებითაა მორთული. ნაგებობის კარნიზი კბილანების მოტივითაა გაფორმებული. მის ქვევით დეკორაციული ფრიზია.
შენობა XX საუკუნის დასაწყისის არქიტექტურული სტილების ნაზავს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, იგი ერთიანადაა გააზრებული და საინტერესოდაა გადაწყვეტილი. აღსანიშნავია აგრეთვე მაღალი სამშენებლო ოსტატობა. ნაგებობა ურბანული მემკვიდრეობის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.