ქ.ბათუმი, ხულოს ქუჩა ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა 2
ძეგლის მოკლე დახასიათება
ერთსართულიანი სახლი შელესილი და შეუღებავი მთავარი ფასადით ქუჩის პირზე გამოდის. მას ნაძერწი თავსართებით შემკული სწორკუთხა ღიობები ანაწევრებს. თავსართები ქუსლების დონეზე გამოყვანილი ჰორიზონტალური სარტყლებით ერთმანეთზეა გადაბმული. შუაკედლისებს დეკორატიული ლესვა ამკობს. ფასადი სრულდება საფეხუროვანი კარნიზით, რომლის ქვეშ კედლის სიბრტყეს ნაძერწი ესისებრი ორნამენტიანი ფრიზი გაუყვება. ესების ცენტრებს ხუთფურცლა ყვავილები აფორმებს. სახლში მოხვედრა შესაძლებელია, როგორც ქუჩიდან მოწყობილი სადარბაზო კარის მეშვეობით, ისე ეზოდან. მის ეზოში გამომავალ მონაკვეთს გვიანდელი გადაკეთებების შედეგად თავდაპირველი სახე შელახული აქვს. მცირე ზომის ფონური შენობა მეზობელ სახლებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუჩის მასშტაბის შექმნაში. ის აჭარის ხ. ახვლედიანის სახ. მუზეუმის გვერდით დგას. სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებით შესაძლებელი იქნება ამ მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტის გარშემო ისტორიული განაშენიანების შენარჩუნება.