ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ორთაბათუმი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მდებარეობს ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია. ტაძარი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში უნდა იყოს აგებული სოფელში მცხოვრები ბერძნული თემის მიერ - ტაძრის ფასადზე დაცულია აბრა, სავარაუდოდ, ტაძართან დაკავშირებული ბერძნული სახელების მითითებით (კოტიდუ ევდოკსია (1857-1936), კოტიდი კავლოს (1876-1943), კოტიდი თეოფილაქტოს (1874-1956)). 1981 წლის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, ეკლესია მიტოვებული და დანგრეული იდგა. ტაძარი ამჟამად აღდგენილია, განახლებულია ღვთისმსახურება. ტაძარი ბერძნულ თემთან აღარ არის დაკავშირებული - ემსახურება ქართულ ქრისტიანულ მრევლს. ტაძარი გეგმარებით დარბაზული ტიპის აფსიდიან ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც დარბაზის კამარაზე ცრუ გუმბათი აქვს დაშენებული. ქვით ნაგები ტაძრის ზომებია 16,7X10,7 მ. ტაძრის ერთადერთი შესასვლელი - მაღალი თაღოვანი კარი - დასავლეთის კედელშია გაჭრილი. შესასვლელი ავთენტური რკინის კარი ახალი, რკინის ორფრთიანი კარითაა ჩანაცვლებული. ტაძრის შესასვლელს ღია კარიბჭე უძღვება წინ, რომლის ბრტყელი გადახურვა ორ დამოუკიდებელ და ორსაც ტაძრის კედელთან მიდგმულ კვადრატულ სვეტს უჭირავს. კარიბჭის სვეტები და იატაკი ქვის თანამედროვე ფილებითაა მოპირკეთებული. ტაძრის საფასადო კომპოზიცია სადა და ავთენტურობას მოკლებულია. აფსიდში სამი მომცრო ზომის ვიწრო სარკმელია გაჭრილი (მეტალოპლასტმასის ჩარჩოთი), რომელთა თავზე, კონქის არეში, ერთი წრიული სარკმელია დამატებით ჩასმული. სამ-სამი მაღალი თაროვანი სარკმლითვე სიმეტრიულად დანაწევრებულია ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლები. ტაძარი გარედან ცემენტით არის შელესილი. გადახურულია თუნუქით. თუნუქის ფირფიტებითვე აკრულია თაღოვანი სარკმლებით დანაწევრებული მაღალი, ცრუ გუმბათი (გუმბათის ავთენტურობა გაურკვევლია).ტააძრის ინტერიერი, ექსტერიერის მსგავსად სადა და განახლებულია. შიდა სივრცე კამარით არის გადახურული, რომელსაც აღმოსავლეთით, სატრიუმფო თაღისა და ორსაფეხურიანი სოლეის მეშვეობით გამოეყოფა კონქით გადახურული საკურთხეველი. კედლები შელესილი და გადაღებილია მოცისფრო ტონის საღებავით, მიმდინარეობს მათი მოხატვა (ჯერ-ჯერობით დაწყებულია კონქის მოხატვა).