"მეზონინებიანი სააგარაკო სახლი"
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ციხისძირი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი შენობა ზღვისპირა შემაღლებაზე. ზღვიდან 240 მ-ის მანძილზე. ნაგებობა მართკუთხა გეგმისაა, ჭვირულ სახეებიანი რიზალიტურად ნაშვერი ღია აივნით აღმოსავლეთ ფლანგზე და ტერასიანი ვერანდით დასავლეთით. გრძივი ფასადები აქცენტირებულია ფრონტონებიანი მეზონინებით. მოვაკებაზე აგებული აგარაკის ტიპის რკინაბეტონის შენობა შემოფარგლულია ხშირი მცენარეულობით. ნაგებობასთან დასავლეთიდან დამრეც რელიეფზე მოწყობილი იყო საპარადო ლიბე და მრგვალი აუზი.
ნაგებობა მოდერნის სტილისაა რუსული ფსევდოკლასიცისტური არქიტექტურული ელემენტების ჩანართებით, ფასადები გალესილია და გაფორმებულია რთულპროფილიანი ლავგარდანებით და ლილვისებური ქამრებით. მართკუთხა სარკმლები მარტივი ტიპისაა. მეზონინების კედლის სიბრტყეები დაფერილია ცისფერი ტონით და ათამაშებულია ხის ფაქტურის ელემენტებით. ნაგებობის ცალკეული მონაკვეთები გადახურულია სხვადასხვა ქანობებიანი გადახურვებით.
პარმაღებიანი შესასვლელები მოწყობილია ოთხივე ფასადიდან. მეორე სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედი აღმოსავლეთ ფლანგზეა. ინტერიერში შემორჩენილია ჭერისა და კედლების ნალესი არქიტექტურული ელემენტები.
ნაგებობის აღმოსავლეთ ფასადთან დგას ორიგინალური სტრუქტურის ორქანობიანი დამხმარე ორსართულიანი, მცირე ნაგებობა. იგიც მოდერნის ხასიათის ელემენტებით არის დატვირთული.