ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N32 / ზურაბ გორგილაძის ქუჩა N19
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ქვის ორსართულიანი შენობა 1901 წელს აშენდა. მასში ექვსკლასიანი სასწავლებელი იყო განთავსებული. V-ს ფორმის კუთხის სახლი ფასადებით ორ ქუჩაზე გადის. შენობის წაკვეთილი კუთხე მეორე სართულზე გამომავალი ლითონის აივნითა და სამნაწილიანი პარაპეტით არის აქცენტირებული. შელესილი ფასადების გაფორმება თავშეკავებულია. ცისფრად დაფერილი კედლების ძირითად სიბრტყეებს ანაწევრებს სწორკუთხა ღიობები, რომელთაც საჭექი ქვებით აღნიშნული მშვილდთაღოვანი თავსართები ასრულებს. შუაკედლისებს დაღარული ზედაპირის მქონე ბრტყელი და განიერი პილასტრები აუყვება. ეზოს ფასადებს თავდაპირველი არქიტეტქურული სახე შეცვლილი აქვს.კუთხის შენობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორი ქუჩის სივრცითი ორგანიზების საკითხში, განსაზღვრავს მათ მასშტაბსა და წვლილი შეაქვს ისტორიული განაშენიანების შენარჩუნებაში.