ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზენდიდი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ზენდიდის ბაჟანიძეთა საგვარეულო ციხე მდებარეობს ქედის რაიონის სოფ. ზენდიდში, აჭარისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ციხე ჩრდილოეთიდან თავზე დაჰყურებს ქედის რაიონულ ცენტრს. ადგილს, სადაც ციხეა აღმართული მოსახლეობა უწოდებს ,,კონახს", ციხე აგებულია ძნელად მისადგომ მთაზე, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ქალასკურის ტყით შემოსული ქედი. აღმოსავლეთის მხრიდან ჩამოუდის პატარა უსახელო მდინარე. ციხის მთლიანი ფართობი 6000 მ2-ია. მისი გეგმა მისადაგებულია რელიეფს და რამდენადმე წაგრძელებულია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია ზღუდის კედლები, კოშკები, კარიბჭეები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები.