ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N37
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი 1894 წელს არის აშენებული. ქუჩის პირზე განთავსებული მთავარი ფასადი შელესილია და თეთრ ფერზეა შეღებილი. მარცხენა კიდურა ნაწილი სადარბაზო უჯრედს უკავია. მას, ხის დეკორატიულად გაფორმებული კარი და ლითონის აჟურული წინფრა აქვს. ფასადის კლასიცისტურ სტილში გადაწყვეტილი ფასადი გარკვეული ინდივიდუალურობით ხასიათდება. სწორკუთხა ღიობებს აქვს პროფილირებული საპირეები, რომელთა ზედა ნაწილები საჭექი ქვების არშიისებური ორნამენტითაა გაფორმებული. ამ უკანასკნელთა თავზე, დამატებით, მამაკაცების პლასტიკურად ნაძერწი თავებია გამოყვანილი. საპირეების ძირები ეყრდნობა ფანჯრების გამაერთიანებელ შვერილ სარტყელს. სარტყლის ქვემოთ განთავსებული მართკუთხედების გულები, მცენარეული ორნამენტით არის შევსებული. ფანჯრებს ხის ძველი ალათები და მარკიზები აქვს შერჩენილი. ფასადს ასრულებს არქიტექტურული ელემენტებით დატვირთული პარაპეტი, რომელზეც სახლის აშენების თარიღია გამოყვანილი. ფასადის ინდივიდუალური გადაწყვეტით გამორჩეული კამერული საცხოვრებელი სახლი XIX საუკუნის დასასრულის ურბანული მემკვიდრეობის საინტერესო ნიმუშია.