ქ. ბათუმი, ახმედ მელაშვილის ქუჩა N9 / ზვიად გამსახურდიას ქუჩა N10
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XIX- XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული , ორსართულიანი კუთხის შენობა ბლოკითა და ქვითაა ნაგები. ფასადები კლასიცისტური დეკორითაა გაფორმებული. შენობის კიდურა ნაწილში შესასვლელებია. ა. მელაშვილის ქუჩისკენ ეზოში შესასვლელი ჭიშკარია, ლითონის ცხაურით. მის გვერდით განთავსებულია, ხის კვეთილი დეტალებით შემკული, ოთხფრთიანი სადარბაზოს კარი. შენობის პირველი სართული დანაწევრებულია დიდი სწორკუთხა ვიტრინებით, რომელთა შუაკედლისებსაც რუსტები აუყვება. მეორე სართულის ღიობები ასევე სწორკუთხაა, ყოველი მათგანი გლუვი არშიითაა მოჩარჩოებული და თავზე საჭექი ქვა აქვს დასმული. კარის ღიობებს კი, გეგმაში ნახევარწრიული პილასტრები აუყვება, რომლებზეც მშვილდა თაღებია, ხოლო მეორე სართულის შუაკედლისებზე გლუვი პილასტრებია აყოლებული. შენობის კიდურა ნაწილებში დაკიდული აივნებია, მაგრამ კუთხისა – მომრგვალებულია და ორივე ქუჩაზე გადის. საყურადღებოა, აივნების ძირში ნალესობით შესრულებული კონცენტრული წრეები და სადარბაზოს ჭერის როზეტი. მთლიანად ფასადი მთავრდება ორდონიანი შვერილი კარნიზით. ქუჩათა გადაკვეთის ადგილას შენობა მანსარდით მთავრდება. კლაცისტური სტილის საფასადო დეკორი და შენობის მასშტაბი კარგად ეხამება უბნის განაშენიანებას.