ქ. ბათუმი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N9 / კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N2
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
საცხოვრებელი სახლი სახლი აშენდა XX საუკუნის დასაწყისში. თავდაპირველად, ორსართულიან შენობაში, მიხეილის ციხე-სიმაგრის სამმართველო იყო განთავსებული. 1905-1907 წლებში ამ სახლში ცხოვრობდა ცნობილი ინჟინერი, ბათუმის რეკონსტრუქციისა და განაშენიანების პროექტების ავტორი-დიმიტრი სვიშჩევსკი. 1905-1912 წლებში ამ სახლს სტუმრობდა ბათუმში მყოფი უკრაინელი პოეტი-ლესია უკრაინკა. 1953-2006 წელს ის საფუძვლიანად გადააკეთეს და დააშენეს მესამე და მეოთხე სართულები. რთული კონფიგურაციის შენობას კვარტლის მთელი სიგანე უკავია და სამ ქუჩაზე გადის. მთავარი ფასადი ე.ნინოშვილის ქუჩაზეა. მას ანაწევრებს ორი მძლავრი რიზალიტი, რომლებიც სახლის დანარჩენი ნაწილისაგან განსხვავებით, ოთხსართულიანებია. მესამე სართულზე რიზალიტებს სამწახნაგა შვერილი ერკერები აქვს, პირველ სართულზე - პორტიკები. რიზალიტებს შორის, პირველ სართულზე მოწყობილია დახურული გალერეა. გალერეაშიც და პორტიკებშიც გამოყენებულია კვადრატული გეგმის სვეტები, რომლებიც არქიტრავულ გადახურვას იკავებს. გალერეის თავზე მეორე სართულის ვრცელი ვერანდა-აივანია. აივნებია მოწყობილი პორტიკების თავზეც. მესამე სართულზე სახლს აქვს ბეტონისა და ლითონის აივნები. კარ-ფანჯრების ღიობები აქ მონაცვლეობით მართკუთხა და ნახევარწრიულთაღოვანია. მეორე სართულზე რიზალიტების არეებში მოქცეულ კარ-ფანჯრებს მშვილდა თაღები აქვს. შენობის მარჯვენა ნაწილს (ე.ნინოშვილის ქუჩის მხრიდან), რომელიც ამჟამად თურქეთის საკონსულოს უკავია, ბოლოდროინდელი რეკონსტრუქციის კვალი ატყვია. მას აქვს ახალი, უფრო მაღალი სახურავი, დიდი სამერცხულების მწკრივით. შენობას არსებითი როლი აქვს სანაპირო ბულვარის მიმდებარე განაშენიანების სახის შექმნაში.