ქ. ბათუმი, ხულოს ქუჩა N23
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხულოს ვიწრო ქუჩაზე აღმართული ერთსართულიანი შენობა მაღალ ნახევარსარდაფზე დგას. ის, სავარაუდოდ, XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. შენობის მარჯვენა კიდურა ნაწილი, დიდი ალბათობით გადაკეთების შედეგი უნდა იყოს. ფასადი მშვილდთაღოვანი ღიობებითაა დანაწევრებული. მათ მარტივი საპირეები შემოუყვებათ, თუმცა მთავარი სართულისა და კარის ღიობების საპირეები დამატებით მცენარეული ორნამენტებითაა შემკული, რომელიც საპირეს მთლიანად მიუყვება. თაღთა ცენტრში მცენარეულორნამენტიანი საჭექი ქვებია ჩასმული. ნახევარსარდაფი და მთავარი სართული ერთმანეთისგან ორი თარაზული ფრიზით გამოიყოფა, რომელთა შუაში არსებული არეც მართკუთხა ელემენტებითაა შევსებული. სახლის კარნიზს მცენარეული ფრიზი გაუყვება. შენობის შესასვლელებს, ხის, დეკორატიულად გაფორმებული კარი აქვთ შეკიდული, აქედან მარჯვენას ლითონის წინფრა აქვს. სახლის მარჯვენა კიდურა ნაწილში, ეზოში შესასვლელია თაღოვანი გვირაბია მოწყობილი, რომლის შუაშიც მამაკაცის მცირედრელიეფური თავია გამოსახული. შენობა ხულოს ვიწრო ქუჩის მჭიდრო განაშენიანებაშია ჩართული. ის მოკლებულია მაღალ სამშენებლო ტექნიკასა, თუ ფასადთა გაფორმებას, თუმცა თავისი პროპორციებითა და ქუჩის ზომებთან კარგად შეხამებული მასშტაბით განაშენიანებისათვის გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია.