ხულოს მუნიციპალიტეტი, სხალთის თემი
ძეგლის მოკლე დახასიათება
სხალთის ტაძარი მდინარის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი მთის ოდნავ მოვაკებულ ადგილზე დგას.
ეკლესია ნაგებია რუხი მონაცრისფრო ქვიშაქვის სუფთად ნათალი ქვებით. წყობა თარაზულია.
დარბაზული ეკლესია გეგმით წარმოადგენს სწორკუთხედს, რომელიც აღმოსავლეთით დასრულებულია შვიდწახნაგა შვერილი აბსიდით.
ინტერიერში აბსიდის სამი თანაბარი სიდიდის სარკმელი ქმნის მთავარ ჰორიზონტალურ დანაწევრებას. სარკმელთა ქვემოთ სამი ნიშაა, შუა ნიშა გამოირჩევა სიდიდით. მარჯვენა ნიშის თაღის ერთი ქვა ჩუქურთმით არის დაფარული. აბსიდის გვერდით ნაწილებში მცირე კარებია, რომლებიც საკურთხეველს სამხრეთით პატარა სადგომთან, ხოლო ჩრდილოეთით ნიშთან აკავშირებს. საკურთხეველი დარბაზისგან ძლიერი პილასტრებითაა გამოყოფილი. სატრიუმფო თაღი იმპოსტებს ეყრდნობა. პილასტრების იმპოსტების დონეზე გავლებული ჰორიზონტალური სარტყელი ხაზს უსვამს კონქის სიმაღლეს.
კონქში შემორჩენილია მაცხოვრის ფრესკის ფრაგმენტები. ეკლესიის ფართო და მაღალი შიდა სივრცე ნახევარწრიული კამარით არის გადახურული. გრძივი კედლები სამსაფეხურიანი პილასტრითაა დანაწევრებული. კედლიდან მძლავრად გამოწეულ პილასტრებს კედლის თაღები და კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. პილასტრების საფეხუროვანი ნაშვერები დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლეზე, მოქნილი მრუდის მეშვეობით წინ არის გამოწეული და ამით მაღლა თაღების ღრმა უბეებია შექმნილი. თაღის მალებში კარები და სარკმლებია გაჭრილი. ამის გარდა აქ მოწყობილია ფართო, ღრმა ნიშები. გრძივ კედლებზე მოხატულობის კვალია. თაღოვანი შესასვლელები დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. სამხრეთ შესასვლელს კარიბჭე აქვს. კარიბჭე გადახურულია ორკალთა სახურავით, რომელიც აღწევს სამხრეთ ფასადის კარნიზს და იხსნება განიერი, პროფილირებული სათაურით მოჩარჩოებული თაღით. თაღი ეყრდნობა სვეტებს, რომლებიც შემკულია წვრილად პროფილირებულ ლილვებით.
ფასადების დიდი გლუვი სიბრტყეები მხოლოდ კარ-სარკმლების მოჩუქურთმებული საპირეებით არის მორთული. აღმოსავლეთ სარკმლების საპირეები მოჩუქურთმებულ ოლესა და მისი მომჩარჩოებელი ლილვებისაგან შედგება. ჩუქურთმაში წარმოდგენილია გეომეტრიული წნული. სამხრეთი სარკმლის ლილვებს, თაღის ქუსლთან და ქვევით კვადრატები აქვს გამოყოფილი. ლილვებს ამ კვადრატებთან მცირე ბურთულები და მოჩუქურთმებული სარტყლები ამკობს. დასავლეთ კედელში ჭადრაკისებურად განლაგებულია კარი და სამი დიდი, თაღოვანი სარკმელი. ეკლესიის კედლებს პროფილირებული კარნიზი აგვირგვინებს. დარბაზის სივრცე გადახურულია მაღალი ორკალთიანი სახურავით. აბსიდის ჩარდახოვანი სახურავი უფრო დაბალია. საბურავად გამოყენებულია თუნუქი. ეკლესია დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე.