დ. თავდადებულის ქ.N51 /ს. ზუბალაშვილის ქ. N27
თავდაპირველად, ბათუმის კათოლიკური თემისათვის განკუთვნილი ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარი, 1898-1902 წლებში აიგო პატრი ანსელმ მღებრიშვილის ინიციატივითა და ქართველი ნავთობმრეწველისა და მეცენატის - სტეფანე ზუბალაშვილის შემოწირულობით. მის მშენებლობაზე დაახლოებით 250 000 მანეთი დაიხარჯა. ეკლესიის საკურთხებლად 1903 წელს საგანგებოდ მოიწვიეს ტირასპოლის ეპარქიის ეპისკოპოსი, ბარონ ედუარდ დე როპი. ნეოგოთიკური სტილის დარბაზული ეკლესია, თეთრი ქვით არის ნაგები. დეკორაციული ელემენტები გამოყვანილია წითელი ქვით. ნავისა და ტრანსეპტის კვეთაზე აღმართულ გამჭოლ კოშკს, დასავლეთიდან ორი დიდი კოშკი ეხმიანება. აღსანიშნავია, ფასადების სხვადასხვა სტილის დეკორატიულ ელემენტები ,ღიობთა ფერადი ვიტრაჟები, განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ შენობის ფასადები, განმანათლებელთა-წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნინოს ბრინჯაოს ქანდაკებებით, ხოლო ინტერიერი თავისი მოხატულობით (ძველი და ახალი აღთქმის ამსახველი სცენები). საბჭოთა პერიოდში ეკლესიას ფუნქცია შეუცვალეს. აქ სხვადასხვა დროს განთავსებული იყო არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორია. 1989 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, შენობა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაეცა. ამჟამად, ის ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარი კათედრალია.
ეკლესია თავისი ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეულ ნაგებობათაგანი და ნეოგოთიკური არქიტექტურის კარგი ნიმუშია.