ქ.ბათუმი, ახალსოფელის ავგიის უბანი;
ძეგლის მოკლე დახასიათება
ძეგლი წარმოადგენს ბაზილიკას, რომელიც მშენებლობის ტექნიკით, გეგმარებით და არქეოლოგიური მასალების მიხედვით ადრებიზანტიური პერიოდის საეკლესიო ნაგებობაა. თავის დროზე ეკლესიას ჰქონია მარტივი, კოჭოვანი, ბრტყელი ჭერი, რომელიც დამახასიათებელი იყო ადრეული ბაზილიკური ნაგებობებისათვის. ავგიის ნაეკლესიარი მიეკუთვნება უგუმბათო ბაზილიკის სტილს და მსგავსი გეგმარების საკულტო ნაგებობებისაგან განსხვავდება ნართექსით. დასავლეთის მხრიდან ნაეკლესიარს აქვს კვადრატული მინაშენი – კარიბჭეც, რომელიც ესონართექსის ,,რეპლიკაა“. ეკლესიის კედლები 2 მ სიმაღლემდეა შემორჩენილი. იგი ნაგლეჯი დაუმუშავებელი ქვებითა და კირხსნარის გამოყენებითაა ნაგები. რიგები რეგურალურია. საკვანძო ადგილებში წყობა ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებითაა შეკრული და განმტკიცებული (ე.წ. ,,ოპუს ინცერტუმ“). სხვადასხვაგვარია აბსიდის წყობა. აქ საგანგებოდ შერჩეული, შედარებით მომცრო, გარე ასახულობაში კვადრატული და თანაბარი ზომის ქვებია გამოყენებული (ე.წ. ,,ოპუს ქუადრატუმ“). კარის ღიობები ყველგან ერთი და იგივე სიგანისაა – 1, 5 მ. ჩრდილოეთისა და სამხრეთის სათავსოთა კარის ღიობები ერთმანეთს საგანგებოდაა აცილებული. სამხრეთი სათავსოს აღმოსავლეთის მონაკვეთშია გაჭრილი, ჩრდილოეთისა კი - დასავლეთით. ეკლესიაში იატაკებიც სხვადასხვა დონეზეა გამართული. მათ შორის განსხვავება დაახლოებით 20 სმ-ია და ღიობთა წინ ქვის ფილებით ერთხარისხიანი დაბალი საფეხურებითაა გამართული. იატაკი, როგორც ძირითად ისე გადამკვეთ ნავში, გამართული იყო კირხსნარისა და კერამიკული ფხვნილის ნაერთით (,,ოპუს სიგნინუმ“). ეკლესიის შვერილი აბსიდა მკვეთრად გამოხატული ნალისებრი მოყვანილობისაა და ასეთსავე სქემაზე დაფუძნებული კაბადოკიური ადრექრისტიანული ეკლესიების აბსიდების მსგავსია. ნაგებობის არქიტექტონიკა მთლიანად რომაულ ტერფსაა დაქვემდებარებული. ტაძრის საერთო სიგრძე 23,7 მ-ია (79 ტერფი), ხოლო სიგანე (ტრანსეპტის მკლავების საერთო სიგრძე) 19,2 მ (64 ტერფი). ტაძრის დასავლეთის მინაშენის სიგრძე 3,9 მ-ია (13 ტერფი), კედლის სიგანე 90 სმ (3 ტერფი). ნაგებობა გადახურული ყოფილა ხის კონსტრუქციებზე დალაგებული ბრტყელი და ღარიანი კრამიტებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გადახურვის ეს ხერხი ძალზედ იშვიათია. ავგიის ეკლესიის მსგავსი გადახურვა ჯერჯერობით ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, ჭაბუკაურისა და დოლიჭოპის უბანში შესწავლილ სამნავიან ბაზილიკებს ახასიათებს. ავგიის ნაეკლესიარი არქიტექტონიკით, სამშენებლო ხელოვნებითა და არქეოლოგიური მასალების მიხედვით V ს-ის ძეგლს წარმოადგენს.